კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში ჩავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, ТАСС ავრცელებს.
"დიახ, ვადასტურებ, ის ნამდვილად ჩამოფრინდა". - თქვა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მანამდე, გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე და ფრენების მონიტორინგის ვებგვერდის, FlightRadar-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ სტივ უიტკოფი რუსეთში არის ჩასული და დღეს, 11 აპრილს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
გამოცემასთან საუბრისას საკითხზე ინფორმირებულმა წყარომ ასევე თქვა, რომ თუკი თვის ბოლომდე რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ დაიდება, ტრამპი, სავარაუდოდ, რუსეთზე დამატებით სანქციებს დააწესებს
წყაროს თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი ამას აღმასრულებელი უფლებამოსილებით ან კონგრესის მეშვეობით გააკეთებს
გუშინ, 10 აპრილს, აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. სტამბოლში გამართული შეხვედრა 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ განცხადებაში წერს, მოლაპარაკებების მეორე რაუნდმა, 27 თებერვლის შეხვედრის მსგავსად, საკითხისადმი მხარეების კონსტრუქციული მიდგომა აჩვენა.
ცნობისთვის, მოლაპარაკებებში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი აშშ-ში რუსეთის ახლად დანიშნული ელჩი ალექსანდრ დარჩიევი, ხოლო ამერიკული მხარის წარმომადგენელი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე რუსეთისა და ცენტრალური ევროპის საკითხებში, სონატა კოლტერი იყო.
მანამდე, 2-3 აპრილს ვლადიმირ პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში, კირილ დმიტრიევმა აშშ-ში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
30 მარტს NBC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინზე "გაბრაზებულია" და რუსეთს ნავთობზე მეორადი ტარიფებით დაემუქრა, თუკი ის დაინახავს, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დამთავრების მხრივ მის ძალისხმევას დაბრკოლებებს უქმნის.
NBC-ის ციტირებით, ტრამპმა თქვა, რომ "ძალიან გაბრაზებული და განრისხებული ვიყავი, როდესაც პუტინმა ზელენსკის სანდოობასა და უკრაინაში ახალ მმართველობაზე დაიწყო საუბარი".
8 აპრილს ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა, კერძოდ კი რუსეთის მიერ სარაკეტო თავდასხმებით უკრაინულ ქალაქებზე.
ამასთან დაკავშირებით ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს ილაპარაკა.
"მე არ მომწონს სიტუაცია დაბომბვებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ, ისინი [რუსები] გიჟებივით ბომბავენ [უკრაინას] ამ წამს" - თქვა დონალდ ტრამპმა.





