აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. სტამბოლში გამართული შეხვედრა 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ განცხადებაში წერს, მოლაპარაკებების მეორე რაუნდმა, 27 თებერვლის შეხვედრის მსგავსად, საკითხისადმი მხარეების კონსტრუქციული მიდგომა აჩვენა.
"ამერიკულმა და რუსულმა დელეგაციებმა მოსაზრებები გაცვალეს, რათა რუსული და ამერიკული ორმხრივი მისიებისთვის დიპლომატიური ბანკინგის სტაბილურობის უზრუნველსაყოფის შესახებ თანხმობა ფინალიზებულიყო. აშშ-მ გაიმეორა შეშფოთებები რუსეთის ფედერაციის პოლიტიკაზე, რომელიც [რუსეთის] მოქალაქეებს ადგილობრივ [საელჩოში] დასაქმებას უკრძალავს. ეს მთავარი დაბრკოლებაა მოსკოვში აშშ-ს საელჩოში მომსახურე პერსონალის სტაბილური და მდგრადი დონის შენარჩუნების გზაზე". - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე იუწყება, მხარეებმა იმსჯელეს, საჭიროების შემთხვევაში, უახლოეს მომავალში საკითხზე შემდგომი შეხვედრის გამართვაზეც.
ცნობისთვის, მოლაპარაკებებში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი აშშ-ში რუსეთის ახლად დანიშნული ელჩი ალექსანდრ დარჩიევი, ხოლო ამერიკული მხარის წარმომადგენელი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე რუსეთისა და ცენტრალური ევროპის საკითხებში, სონატა კოლტერი იყო.
დიპლომატიური მისიების აღდგენის საკითხზე აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 27 თებერვალს გაიმართა.
მაშინ ასევე სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე ამერიკულმა და რუსულმა მხარეებმა საელჩოების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების საკითხზე, კერძოდ, მომსახურე პერსონალისა და მათი საბანკო და საკონტრაქტო სერვისების აღდგენის შესახებ ისაუბრეს.





