ირანის ბირთვული პროგრამა

თუ ირანთან ბირთვული შეთანხმება ჩაიშლება, სამხედრო მოქმედებებს ისრაელი წარუძღვება - ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ
REUTERS/Ronen Zvulun

10 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თუ ირანი ვაშინგტონთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დაგეგმილ მოლაპარაკებებში შეთანხმებას ვერ მიაღწევს, სამხედრო მოქმედებები კვლავ რჩება დღის წესრიგში და რომ ისრაელი ამ პროცესში "ძალიან აქტიურად ჩაერთვება".

ჟურნალისტის თხოვნაზე განემარტა მისი ნათქვამი, რომ "ირანი დიდი საფრთხის წინაშე დადგება", თუკი შეთანხმება არ შედგება, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის  აუცილებლობის შემთხვევაში სამხედრო მოქმედებისთვის "აბსოლუტურად" მზადაა.

"თუ ირანთან საქმე სამხედრო ჩარევამდე მივა, მაშინ ამას გავაკეთებთ. ისრაელი, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად ჩაერთვება ამაში და ვფიქრობ, ის ლიდერის როლშიც იქნება. ყველასთვის გასაგებია, რომ შეთანხმების მიღწევა ბევრად სჯობს აშკარა ქმედებებს, რაშიც ჩართვა პირადად მე არ მსურს" - თქვა ტრამპმა.


ტრამპმა 7 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის უმაღლესი დონის შეხვედრა 12 აპრილს გაიმართება, თუმცა მას შეხვედრის ადგილი არ დაუკონკრეტებია.

მოგვიანებით, გამოცემა Reuters ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანი აშშ-სთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს, "პროგრესისადმი მცირე იმედით და აშშ-ს მიმართ ღრმა ეჭვებით" უყურებს.

გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თქმით, თეირანს სურს პირისპირ მოლაპარაკებების დაწყებამდე აშშ-სგან კონკრეტული ნაბიჯები იხილოს.

"ირანელებმა გვითხრეს, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები შესაძლებელია, მაგრამ საჭიროა კეთილი ნების გამოხატვა – ზოგიერთი სანქციის მოხსნა ან გაყინული თანხების განბლოკვა". - უთხრა Reuters-ს ანონიმურმა რეგიონულმა დიპლომატმა.

NBC News-ის ინფორმაციით, 30 მარტს, მათთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვით დაემუქრა, თუკი ისინი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებას არ დადებენ.

"თუ ისინი [ირანი] შეთანხმებას არ დადებენ, დაბომბვა იქნება და ისეთი სახის დაბომბვა იქნება, როგორიც არასდროს უნახავთ". - ციტირებს ტრამპს NBC News-ის წამყვანი კრისტენ უელკერი.

7 მარტს დონალდ ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში თქვა, რომ ირანთან ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება სურდა და დაამატა, რომ წინა დღით ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, წერილი გაუგზავნა, რომელშიც მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით იმედს გამოთქვამდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული საკითხის პრობლემის მოგვარება ორი გზით შეიძლება: სამხედრო გზით ან შეთანხმების მიღწევით. 

ამასთან, 19 მარტს Axios-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა გაგზავნილ წერილში ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, 2-თვიანი ვადა მისცა ახალი ბირთვული შეთანხმების დასადებად.

კომენტარები