ტრამპის ტარიფები

2021 წლის თებერვლის შემდეგ ნავთობის ფასი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

Anthony Prieto/Bloomberg

ნავთობის ფასი უკვე მეხუთე დღეა, რაც ეცემა და დღეს, 2021 წლის თებერვლის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც, ნავთობის მიწოდების მოსალოდნელ ზრდასთან ერთად, მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკურ ძალას, აშშ-სა და ჩინეთს შორის სატარიფო ომმა, ნავთობზე სამომავლო მოთხოვნასთან დაკავშირებით მღელვარება გამოიწვია.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, თბილისის დროით 10:15 საათისთვის, Brent-ის ნედლი ნავთობის ფიუჩერსები დამატებით $1.38-ით, ან 2.21%-ით, დაეცა, და $61.43-მდე ჩამოვიდა, ხოლო აშშ-ს West Texas Intermediate-ის ნედლი ნავთობის ფიუჩერსების ფასი $1.50-ით, ან 2.52%-ით, დაეცა და $58.08-მდე ჩამოვიდა.

მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიო სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ საყოველთაო ტარიფები გამოაცხადა, Brent-ისა და WTI-ის ნავთობის ფასებმა ხუთი დღის განმავლობაში ვარდნა დაიწყო.

Trading Economics

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2 აპრილს 180-ზე მეტ ქვეყანაზე დაწესებულმა ტარიფებმა როგორც აშშ-ს, ისე გლობალურ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. 

ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.

აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იანი ტარიფები 5 აპრილს დაუწესდა, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე, რომლებიც ძალაში 9 აპრილს შევა. 

ამასთანავე, ჩინეთის წინააღმდეგ დამატებით 34%-იანი ტარიფების გამოცხადების შემდეგ, ტრამპი 7 აპრილს ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა, თუ ჩინეთი ამერიკული პროდუქციისთვის დაწესებულ საპასუხო 34%-იან ტარიფებს 8 აპრილისთვის არ გააუქმებდა.

ხოლო 8 აპრილს თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ტრამპის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ დაანონსებული ჯამური 104%-იანი ტარიფები ძალაში შუაღამით, 9 აპრილის ღამის 12:01 საათზე შევიდოდა.

ტრამპის ტარიფების ფონზე კი ჩინეთმა პირობა დადო, რომ აშშ-ს მიერ ტარიფების კიდევ უფრო გაზრდის შემთხვევაშიც კი, "ბოლომდე იბრძოლებს".

"თუ აშშ გააგრძელებს ამ გამწვავებული სატარიფო ზომების მიღებას, ჩინეთი მტკიცედ მიიღებს საპასუხო ზომებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. თუ აშშ ამ გზაზე სვლას დაიჟინებს, ჩინეთი ბოლომდე იბრძოლებს". - განაცხადა ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს პრესსპიკერმა.

ამას გარდა, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების შედეგად 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება ერთ დღეში $208 მილიარდით გაუფასურდა.

კონკრეტულად მასკის ქონება მიმდინარე წელს ჯამში $110 მილიარდით გაუფასურდა, აქედან $11 მილიარდით 3 მარტს, პრეზიდენტ ტრამპის მიერ ტარიფების დაანონსების შემდეგ, რა დროსაც Tesla-ს აქციები 5.5%-ით შემცირდა.

კომენტარები