აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ საყოველთაო ტარიფების შემოღების შემდეგ, ქვეყნები მას შეთანხმების დადების თხოვნით ურეკავენ და "ტრ**ზე კოცნიან".
"გეუბნებით, ეს ქვეყნები გვირეკავენ, ტრ**ზე მკოცნიან. შეთანხმების დადებას ცდილობენ: "გთხოვთ, გთხოვთ, სერ, შეთანხმება დავდოთ. ყველაფერს გავაკეთებთ. ყველაფერს გავაკეთებთო". - თქვა ტრამპმა 8 აპრილს რესპუბლიკური პარტიის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
"ჩემი აზრით, [სავაჭრო] ომი მსოფლიოსთან ერთად სულაც არ არის ომი, რადგან ყველა მათგანი აქ ჩამოდის. იაპონია მოდის ახლა აქ. მოფრინავენ, ბევრი მათგანი. ისინი ყველანი ხისტი მომლაპარაკებლები არიან". - დაამატა მან.
ტრამპის თქმით, იგი დარწმუნებულია თავის გადაწყვეტილებებში. "ვიცი, რასაც ვაკეთებ". - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.
მანამდე, ამავე დღეს, თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა თქვა, რომ აშშ-სთან შეთანხმების დადების მიზნით "ტელეფონები უწყვეტად რეკავს".
ხოლო 7 აპრილს აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მიზნით ტრამპის ადმინისტრაციას "50, 60, ალბათ, თითქმის 70 ქვეყანა" დაუკავშირდა.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2 აპრილს 180-ზე მეტ ქვეყანაზე დაწესებულმა ტარიფებმა როგორც აშშ-ს, ისე გლობალურ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია.
ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.
აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იანი ტარიფები 5 აპრილს დაუწესდა, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე, რომლებიც ძალაში 9 აპრილს შევა.
მასკის კომპანია Tesla-ს აქციების ფასები მკვეთრად შემცირდა. წლის დასაწყისიდან Tesla-ს აქციის ფასი 40%-ით შემცირდა, ხოლო გასული წლის დეკემბერში მიღწეულ რეკორდულ ფასთან შედარებით - 55%-ით.
ამასთან, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების შედეგად 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება ერთ დღეში $208 მილიარდით გაუფასურდა.
კონკრეტულად მასკის ქონება მიმდინარე წელს ჯამში $110 მილიარდით გაუფასურდა, აქედან $11 მილიარდით 3 მარტს, პრეზიდენტ ტრამპის მიერ ტარიფების დაანონსების შემდეგ, რა დროსაც Tesla-ს აქციები 5.5%-ით შემცირდა.





