ტრამპის ტარიფები

მასკმა ტრამპის ტარიფებთან დასაპირისპირებლად ეკონომისტ მილტონ ფრიდმანის ვიდეო გამოიყენა

ამერიკელმა მილიარდერმა ბიზნესმენმა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსმა მრჩეველმა, ილონ მასკმა, 7 აპრილს X-ზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტარიფებთან დასაპირისპირებლად ლიბერტარიანელი და კონსერვატორი ეკონომისტის, მილტონ ფრიდმანის, ცნობილი ვიდეო გამოიყენა.

Tesla-სა და SpaceX-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ვიდეოს პოსტის აღწერაში კომენტარი არ გაუკეთებია. აღნიშნულ ვიდეოში ფრიდმანი, რომელიც 2006-ში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა, განმარტავს, თუ როგორ მუშაობს გლობალური მიწოდების ჯაჭვები, რათა ფანქარი სწრაფად და იაფად შეიქმნას.

"არ არსებობს ერთი ადამიანი მსოფლიოში, რომელსაც ამ ფანქრის შექმნა შეუძლია. გასაოცარი განაცხადია ეს? სულაც არა. სულაც არა. ხე, რომლისგანაც ის [ფანქარი] მზადდება, რამდენადაც ვიცი, ვაშინგტონის შტატში მოჭრილი ხისგან მიიღება. ამ ხის მოჭრას ხერხი დასჭირდა. ხერხის დასამზადებლად, ფოლადი იყო საჭირო, ფოლადისთვის - რკინის მადანი". - ამბობს ვიდეოს დასაწყისში ფრიდმანი.

ვიდეოში ფრიდმანი ამატებს, რომ ფანქრისთვის საჭირო გრაფიტი, სავარაუდოდ, სამხრეთ ამერიკიდან მოდის, ხოლო საშლელისთვის საჭირო რეზინი "მალაიიდან, სადაც რეზინი მშობლიურიც კი არ არის. იგი სამხრეთ ამერიკიდან რომელიღაც ბიზნესმენის მიერ არის იმპორტირებული, ბრიტანეთის მთავრობის დახმარებით".

"ეს თითბრის რგოლი, მცირედი წარმოდგენაც კი არ მაქვს, საიდან მოვიდა ან ყვითელი საღებავი, ან საღებავი, რომლითაც შავი ხაზები გააკეთეს ან წებო, რომელიც მას აერთიანებს". - ამატებს ის.

"რეალურად, ათასობით ადამიანის თანამშრომლობა იყო საჭირო ამ ფანქრის შექმნისთვის. ადამიანები, რომლებიც საერთო ენაზე არ საუბრობენ, განსხვავებული რელიგია აქვთ, რომლებსაც შესაძლოა, ერთმანეთი შესძულდეთ, ოდესმე რომ შეხვდნენ. როდესაც მაღაზიაში ჩადიხარ და ამ ფანქარს ყიდულობ, ფაქტობრივად, შენ ცვლი შენი დროის რამდენიმე წუთს იმ ათასობით ადამიანის თითოეული რამდენიმე წამზე. 

რამ გააერთიანა ისინი და უბიძგა მათ, ამ ფანქრის შესაქმნელად ეთანამშრომლათ? არ ყოფილა კომისარი, რომელიც რაიმე ცენტრალური ოფისიდან ბრძანებებს გასცემდა. ეს ფასთა სისტემის მაგია იყო. პიროვნების გარეშე ფასების მოქმედებამ, რომელმაც ისინი გააერთიანა, თანამშრომლობაში ჩართო ამ ფანქრის დასამზადებლად იმისთვის, რომ შენ უმნიშვნელო ფასად გქონოდა. ამიტომ არის თავისუფალი ბაზრის მუშაობა გადამწყვეტი მნიშვნელობის, არა მხოლოდ პროდუქტიული ეფექტიანობის წასახალისებლად, არამედ უფრო მეტიც, მსოფლიოს ხალხებს შორის ჰარმონიისა და მშვიდობის ხელშესაწყობად". - განმარტავს ფრიდმანი. 

მანამდე, 6 აპრილს, მასკმა ტრამპის ადმინისტრაციის მრჩეველი ვაჭრობის საკითხებში, პიტერ ნავარო, X-ზე მწვავედ გააკრიტიკა და მოგვიანებით იტალიურ პოლიტიკურ ყრილობაზე განაცხადა, რომ მას უფრო მეტი თავისუფალი ვაჭრობა სურს, და არა - ნაკლები.

პარასკევს დილით მასკი X-ზე ტარიფების საკითხზე დებატებში ჩაერთო და ერთ-ერთ მომხმარებელს გამოეხმაურა, რომელმაც ადმინისტრაციის საკამათო ფიგურა, პიტერ ნავარო, ტარიფების საკითხში გამოცდილ სპეციალისტად დაახასიათა. მომხმარებელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნავაროს ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორის ხარისხი აქვს.

აღნიშნულ მოსაზრებას მასკი არ დაეთანხმა და დაწერა, რომ "ჰარვარდიდან ეკონომიკის დოქტორის ხარისხი ცუდი რამაა, და არა - კარგი" და მიანიშნა, რომ ეს უფრო მეტი ეგოს პრობლემას იწვევს, ვიდრე - მეტი ტვინის.

ვაჭრობაზე ნავაროს პოზიცია კიდევ ერთმა მომხმარებელმა დაიცვა, რაზეც მასკმა დაამატა, რომ ტრამპის მრჩეველს "არაფერი აუშენებია".

ამავე დღეს მასკმა ფლორენციაში იტალიური პარტიის ღონისძიებაზე ვიდეო მიმართვისას იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სა და ევროპას შორის უფრო მეტი პარტნიორობა იქნება, ხოლო აშშ-ში ან ევროპაში მუშაობის მსურველებს უფრო თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება.

მასკი, იმედოვნებს, რომ აშშ-სა და ევროპას შორის "ნულოვანი ტარიფის" სისტემა შეიქმნება, რომელიც ფაქტობრივად "თავისუფალ ეკონომიკურ ზონას" ჩამოაყალიბებს.

ხოლო 7 აპრილს გამოცემა Washington Post-მა გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ ილონ მასკი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პირად საუბრებში ეცადა, იგი აგრესიული ტარიფების პოლიტიკის გატარებისგან გადაერწმუნებინა. 

როგორც გამოცემა წერს, მასკის ძალისხმევა, საკითხზე ინფორმირებული 2 ანონიმური პირის ცნობით, ჯერჯერობით წარუმატებელია; ტრამპი 7 აპრილს ჩინეთს 2 აპრილს გამოცხადებული 34%-იანი ტარიფის კიდევ 50%-ით გაზრდით დაემუქრა. 

ილონ მასკმა შარშანდელ, 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპისა და სხვა რესპუბლიკელების წინასაარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად თითქმის 290 მილიონი დოლარი დახარჯა და იანვრიდან აშშ-ს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ძალისხმევას ხელმძღვანელობს, შემცირდეს ფედერალური ბიუროკრატია აშშ-ს მთავრობაში. 


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2 აპრილს 180-ზე მეტ ქვეყანაზე დაწესებულმა ტარიფებმა როგორც აშშ-ს, ისე გლობალურ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. 

ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.

აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იანი ტარიფები 5 აპრილს დაუწესდა, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე, რომლებიც ძალაში 9 აპრილს შევა. 

მასკის კომპანია Tesla-ს აქციების ფასები მკვეთრად შემცირდა. წლის დასაწყისიდან Tesla-ს აქციის ფასი 40%-ით შემცირდა, ხოლო გასული წლის დეკემბერში მიღწეულ რეკორდულ ფასთან შედარებით - 55%-ით. 

ამასთან, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების შედეგად 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება ერთ დღეში $208 მილიარდით გაუფასურდა.

კონკრეტულად მასკის ქონება მიმდინარე წელს ჯამში $110 მილიარდით გაუფასურდა, აქედან $11 მილიარდით 3 მარტს, პრეზიდენტ ტრამპის მიერ ტარიფების დაანონსების შემდეგ, რა დროსაც Tesla-ს აქციები 5.5%-ით შემცირდა. 

კომენტარები