რუსული რეჟიმი

შსს სისხლის კვალზე: რუსთაველზე კაცს ფეხზე ძაღლმა უკბინა, სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას, სადაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლის კვალია აღბეჭდილი, განცხადებით გამოეხმაურა.

ცნობისთვის, აქამდე რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციისას ივანიშვილის პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა - პოლიცია აქციის მონაწილეებს სავალი გზის გათავისუფლებას სთხოვდა, მათ ვატო სამხარაძე, თაზო კვესელავა და რეზი დუმბაძე დააკავეს.

აღნიშნული ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ სისხლის კვალი ერთ-ერთ დაკავებულს, თაზო კვესელავას ეკუთვნოდა.

როგორც შსს განცხადებაში აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაცია, რომ "დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ დაზიანება მიიღო სიცრუეა და არ შეესაბამება სიმართლეს".

შსს-ს თქმით, სისხლის კვალი ერთ-ერთ მამაკაცს ეკუთვნის, რომელსაც ფეხის არეში მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მიუსაფარმა ძაღლმა უკბინა.

"გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ,  რომ დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ მიიღო დაზიანება არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს. 

რუსთაველის გამზირზე მამაკაცს ფეხის არეში უკბინა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მიუსაფარმა ძაღლმა, რის საფუძველზეც განუვითარდა ძლიერი სისხლდენა. აღნიშნული პიროვნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია". - წერია განცხადებაში.

კომენტარები