რუსული რეჟიმი

SJC-ის შეფასებით, ჟურნალისტ საბა სორდიას დაკავება უსაფუძვლო და უკანონო იყო

სოციალური სამართლიანობის ცენტრის  (SJC) შეფასებით, ჟურნალისტ საბა სორდიას დაკავება უსაფუძვლო და უკანონო იყო. როგორც SJC წერს, რომ ბოლო პერიოდში მოქალაქეების თვითნებური და უსაფუძვლო ჩხრეკა და შემდგომ მათი დაკავება პოლიციის ხელში ადამიანების დაშინებისა და რეპრესიის კიდევ ერთ იარაღად იქცა. 

"ჩვენი შეფასებით, რადგან საბა სორდია პოლიციის მოთხოვნას დაემორჩილა და სამართალდამცავებს მისცა როგორც მისი იდენტიფიცირების, ისე ჩანთის დათვალიერების საშუალება, მისი დაკავება უსაფუძვლო და უკანონო იყო.

პოლიციის თვითნებური და უკონტროლო მოქმედებები, გარდა იმისა, რომ სრულად უგულებელყოფს სამართლის უზენაესობისა და კანონიერების საბაზისო პრინციპებს, ქმნის დაუცველობისა და სამართალდამცავი უწყებების მიმართ უნდობლობის განცდას მოქალაქეებში.

ბოლო თვეების განმავლობაში სამართალდამცავი უწყებების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები, რომლებიც ამ დრომდე გამოუძიებელი რჩება, ძირს უთხრის სამართლებრივი და ადამიანის უფლებების დაფუძნებული სახელმწიფოს პრინციპებს" - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ჟურნალისტი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. მას ან დაკავებიდან 24 საათში გაათავისუფლებენ, ან დაკავების ვადას 48 საათამდე გაუხანგრძლივებენ.

 

დღეს, ინდიგოს ჟურნალისტი საბა სორდია დააკავეს. მისმა ადვოკატმა, მარიამ ყაველაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორში საბას მონახულების შემდეგ მედიასთან საუბარში თქვა, რომ პოლიციელებმა ჟურნალისტის მიმართ გამოიყენეს ჰომოფობიური ლექსიკა, წაართვეს კამერა და მისი დამტვრევით დაემუქრნენ.

 

კომენტარები