რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსების იერიშის შედეგად კრივოი როგში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, 9 ბავშვია

რუსების მიერ უკრაინის დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 18-მდე გაიზარდა. ამასთან, ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 61 ადამიანი. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაღუპულთა შორის 9 ბავშვია. კრივოი როგი ზელენსკის მშობლიური ქალაქია, რომელიც ხშირად ხდება ოკუპანტების იერიშების სამიზნე. 

რუსებმა კრივოი როგზე იერიში Iskander-M-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს. რაკეტების სამიზნე ქალაქის საცხოვრებელი უბანი გახდა, რომელთანაც ახლოს სათამაშო მოედანი იყო. 

იერიშის შედეგების ამსახველი მასალა, რომელიც მედიაში ვრცელდება, ასახავს ერთ-ერთ მსხვერპლს სათამაშო მოედანზე, დაღუპულ ადამიანებს გზებზე და 10-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რომელსაც რუსებმა დაარტყეს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ მათი "მაღალი სიზუსტის სარაკეტო იერიშის" სამიზნე "დანაყოფების მეთაურებისა და დასავლელი ინსტრუქტორების" შეხვედრა იყო რესტორანში და იერიშის შედეგად 85 ადამიანამდე დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ცხადია, მტკიცებულება არ წარუდგენია. 

უკრაინის არმიამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საპასუხოდ განაცხადა, რომ მოსკოვი ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, რათა "მისი ცინიკური დანაშაულის" დამალვა სცადოს. არმიის თქმით, მოსკოვმა Iskander-M-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები კასეტური ქობინით გაუშვა, რათა მსხვერპლი მაქსიმალური ყოფილიყო. 

კრივოი რიგზე 4 აპრილს მიტანილი იერიში რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი იყო. 

უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 5 შენობა იყო დაზიანებული. 

"ერთადერთი მიზეზი, რატომაც ეს გრძელდება: რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა არ სურს და ჩვენ ამას ვხედავთ". - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში. 

კომენტარები