ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა 3 აპრილს გამართულ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიიღო თუ არა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსგან იმის გარანტია, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისას აშშ უკრაინისა და ევროპის ინტერესების საწინააღმდეგოდ კომპრომისზე არ წავა, კალასმა უპასუხა, რომ მსგავსი დასტური მიიღო.
"რუბიომ აღნიშნა, რომ უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე არაფერი უნდა გადაწყდეს და რა თქმა უნდა უკრაინა და ევროპა უნდა ეთანხმებოდნენ იმას, რასაც [აშშ და რუსეთი] განიხილავენ, რადგან ეს ყველაფერი ევროპაში ხდება". - აღნიშნა კაია კალასმა.
კალასის თქმით, რუბიომ NATO-ს ევროპელ მოკავშირეებს მსგავსი გარანტიები მისცა.
ამასთანავე, გამოცემა Kyiv Post აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ მინისტერიალზე მხარეებმა აღიარეს, რომ რუსეთმა მშვიდობის მისაღწევად მეტი უნდა გააკეთოს.
Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტთან საუბრისას სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ "რუსეთს ჯერ არ გამოუჩენია ერთგულება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიმართ და რამდენიმე მოკავშირემ ეს საკითხი შეხვედრაზე დააყენა".
"წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა აღიარებს, რომ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტისა და უფრო ფართო მშვიდობის მიღწევის ერთგულია". - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.





