NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაშიც რუსეთი NATO-ს ქვეყნებისთვის კიდევ მრავალი წელი დარჩება საფრთხედ.
ამის შესახებ ინფორმაციას Європейська правда ავრცელებს. როგორც წერს გამოცემა, ამის შესახებ რუტემ 3 აპრილს, ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა.
რუტემ ხაზი გაუსვა, რომ NATO-მ უნდა დაგეგმოს, როგორ დაიცვას საკუთარი ტერიტორია რუსეთისგან, რადგან მისი საფრთხე უკრაინასთან მშვიდობის მიღწევის შემთხვევაშიც არ გაქრება.
"2032 წლისკენ ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, როგორ დავიცვათ NATO-ს ტერიტორია რუსეთისგან, ჩვენი გრძელვადიანი საფრთხისგან, რომელიც დღის წესრიგში დარჩება მაშინაც კი, როცა, იმედი მაქვს, უკრაინის საკითხზე შეთანხმება გაფორმდება. რუსეთისგან მომავალი საფრთხე კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იარსებებს," - თქვა რუტემ.
მან ასევე დაამატა, რომ იცის აშშ-ს მოლოდინები თავდაცვაზე ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით: "ისინი ელიან, რომ ევროპა და კანადა მეტს დახარჯავს და ეს საკითხიც დღის წესრიგში იქნება".
"აშშ-ს მხრიდან არსებობს მკაფიო მოლოდინი, რომ NATO-ს ევროპული ნაწილი თავის ხარჯებს დააბალანსებს იმასთან მიმართებით, რასაც ამერიკა ხარჯავს, ეს აუცილებელია რუსეთის საფრთხის, ჩინეთის ბირთვული შეიარაღების ზრდის, ასევე ირანისა და ჩრდილოეთ კორეის გამო," - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.





