აშშ-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

Bloomberg: ტრამპის მუქარის ფონზე, ინდოეთი რუსული ნავთობის ალტერნატივებს ეძებს

REUTERS/Alexander Manzyuk

Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების მუქარის გამო ინდური ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები ნავთობის ახალ მომწოდებლებს ეძებენ.

Bloomberg-ის ანონიმური წყაროების ცნობით, ინდოეთის სახელმწიფო კომპანიები, Bharat Petroleum და Hindustan Petroleum, ცდილობენ დამატებითი მომწოდებლები მაისის თვისთვის მოძებნას, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთ ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებიდან.

ამასთან, ტრამპის განცხადებების ფონზე სანავთობო ფიუჩერსების, მათ შორის ამერიკული WTI ტიპის ნავთობის ფასი, 3.1%-ით გაიზარდა.

ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ინდოელი გადამამუშავებლები ვარაუდობდნენ, რომ რუსულ ნავთობზე წვდომა სწრაფად აღდგებოდა, როგორც ეს ადრე ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის ჩრდილოვან ფლოტზე დაწესებული სანქციების შემდეგ მოხდა, თუმცა ამჯერად სიტუაცია უფრო რთულად ფასდება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილის თვიდან ინდოეთი რუსული ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორი გახდა.

აშშ-ს სენატის ნახევარმა, სიმბოლურად 25-მა რესპუბლიკელმა და 25-მა დემოკრატმა სენატორმა, 1-ელ აპრილს ორპარტიული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც რუსეთზე სანქციების დაწესებას გულისხმობს იმ შემთხვევაში, თუ კრემლი უარს იტყვის უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მოლაპარაკებებში კეთილი ნებით ჩაერთოს.

კანონპროექტის მთავარი სპონსორები, რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენთალი არიან. მათი თქმით, კანონპროექტით პირველადი და მეორადი სანქციები დაწესდება რუსეთისა და უკრაინაში რუსული აგრესიის მხარდამჭერი სუბიექტების წინააღმდეგ თუ მოსკოვი მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება, ან წამოიწყებს მორიგ ძალისხმევას, რომლის მიზანიც სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ უკრაინის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრა იქნება.

30 მარტს, NBC News-ის ინფორმაციით, მათთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინზე "გაბრაზებულია" და რუსეთს ნავთობზე მეორადი ტარიფებით დაემუქრა, თუკი ის დაინახავს, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დამთავრების მხრივ მის ძალისხმევას დაბრკოლებებს უქმნის.

NBC-ის ციტირებით, ტრამპმა თქვა, რომ "ძალიან გაბრაზებული და განრისხებული ვიყავი, როდესაც პუტინმა ზელენსკის სანდოობასა და უკრაინაში ახალ მმართველობაზე დაიწყო საუბარი".

ხოლო ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ სანქციებს ამზადებს იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება ან დადებულ შეთანხმებას დაარღვევს.

ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტრამპს არ მოსწონს რუსეთის მხრიდან გამოთქმული აზრი უკრაინაში დროებით მთავრობასთან დაკავშირებით. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა კონსტიტუციური დემოკრატიაა.

კომენტარები