აშშ-ირანი

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით საბრძოლო თვითმფრინავებს გზავნის

B-2-ის ტიპის ბომბდამშენი

პენტაგონის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა რეგიონში დამატებითი საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნა.

"აშშ-ს ცენტრალური სარდლობის საზღვაო განლაგების გასაძლიერებლად, თავდაცვის მდივანმა გასცა ბრძანება დამატებითი ესკადრილიებისა და სხვა საჰაერო ძალების განლაგების შესახებ, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თავდაცვით საჰაერო შესაძლებლობებს". - წერია პენტაგონის სპიკერის, შონ პარნელის განცხადებაში.

პარნელის თქმით, პრეზიდენტის მითითებების შესაბამისად, "რათა მიღწეულ იქნას მშვიდობა ძალის მეშვეობით, თავდაცვის მდივანმა ასევე გასცა ბრძანება, რომ Harry S. Truman-ის ავიამზიდის საბრძოლო ჯგუფი დარჩეს აშშ-ს ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში რეგიონული შეკავებისა და ძალთა დასაცავად".

სააგენტო Reuters ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ინდოეთის ოკეანეში მდებარე აშშ-ბრიტანეთის სამხედრო ბაზა, დიეგო გარსიაზე ექვსამდე B-2 ტიპის ბომბდამშენი გადაიყვანეს.

"თუ ირანი ან მისი პროქსი ძალები დაემუქრებიან ამერიკელ სამხედროებსა და ამერიკულ ინტერესებს რეგიონში, შეერთებული შტატები გადამწყვეტად იმოქმედებს ჩვენი ხალხის დასაცავად". - ნათქვამია პენტაგონის მიერ 1 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის საჰაერო ძალების არსენალში მხოლოდ 20 B-2 ბომბდამშენია, რის გამოც ისინი ჩვეულებრივ იშვიათად გამოიყენება. ექსპერტების აზრით, ისინი შეიძლება გამოყენებულ ირანის ბირთვული პროგრამის დასაბომბად გამოიყენონ.

ირანის რევოლუციური გვარდიის საჰაერო-კოსმოსური სარდლობის მეთაურმა, ამირალი ჰაჯიზადემ განაცხადა, რომ ამერიკულ ძალები ახლო აღმოსავლეთში "შუშის სახლში არიან და ქვები არ უნდა ისროლონ".

მანამდე, ტელეარხ NBC News-ის ინფორმაციით, მათთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვით დაემუქრა, თუკი ისინი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებას არ დადებენ.

"თუ ისინი [ირანი] შეთანხმებას არ დადებენ, დაბომბვა იქნება და ისეთი სახის დაბომბვა იქნება, როგორიც არასდროს უნახავთ". - ციტირებს ტრამპს NBC News-ის წამყვანი კრისტენ უელკერი.

საპასუხოდ, ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ნებისმიერ თავდასხმას აშშ-ს ან ისრაელის მხრიდან "მტკიცე საპასუხო დარტყმა" მოჰყვება. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს

კომენტარები