MEGOBARI აქტის თანაავტორები, აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტებს, მათ შორის, MEGOBARI აქტს განიხილავენ და ამბობენ, რომ სენატში მათ წინ წასაწევად ერთად იმუშავებენ.
ამის შესახებ სენატორების განცხადება X-ზე ვრცელდება.
"[...] MEGOBARI აქტი ხელს შეუწყობს სტაბილურობას საქართველოსა და უფრო ფართოდ, აღმოსავლეთ ევროპაში, ხოლო ჩვენ მიერ მიღებული ორი რეზოლუცია ტაივანისადმი აშშ-ს ერთგულებას ხელახლა დაადასტურებს და ჩინეთის მიერ ჰონგ კონგის ავტონომიის განადგურებას დაუპირისპირდება.
როგორც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და მაღალი რანგის წევრი, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ერთად ვიმუშაოთ, რათა ჩვენი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში წინ წავწიოთ ეს კანონპროექტები და სხვა ეფექტიანი კანონპროექტები". - ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა MEGOBARI აქტი, რომელსაც ძალაში შესასვლელად ამერიკის საკანონმდებლო ორგანომ კენჭი უნდა უყაროს. აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.
ორპარტიულ აქტში დეკლარირებულია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო ზრდის მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ, ამავდროულად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან.
აქტის მიღების შემდეგ შაჰინმა თქვა, რომ ეს "ძლიერი გზავნილია" ქართველი ხალხისთვის, რომ აშშ მათი მხრიდან "პოზიტიური მიმართულებით დემოკრატიის განვითარების" ძალისხმევას მხარს უჭერს.
"მხარს ვუჭერთ ხელისუფლებიდან იმ პირების ჩამოშორებას, რომლებიც არ სცემენ პატივს ქართულ ტრადიციებსა და საქართველოს კონსტიტუციას. ვიმედოვნებთ, რომ ხალხი ამას დადებით ნიშნად აღიქვამს და განვაგრძობთ ამ დემოკრატიული ძალისხმევის მხარდაჭერას". - თქვა შაჰინმა.
შაჰინმა ასევე თქვა, რომ აქტი მომიტინგეების შეზღუდვაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას ითვალისწინებს.





