გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმ "ბავშვური" და "ზედაპირული" უწოდა იდეას, რომ იტალიას აშშ-სა და ევროპას შორის მხარის არჩევა მოუწევს და დაამატა, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს თავისი ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
იტალიის პრემიერის თქმით, "ყველას ინტერესებშია", რომ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობაში მძიმე დაძაბულობა გადაილახოს. ამასთანავე, მელონიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე ევროპელი ლიდერების რეაგირებას "ზედმეტად პოლიტიკური" უწოდა.
"მე კონსერვატორი ვარ. ტრამპი რესპუბლიკელი ლიდერია. ცხადია, მე უფრო ახლოს ვარ მასთან, ვიდრე - ბევრი სხვა, მაგრამ მესმის ლიდერის, რომელიც მის ეროვნულ ინტერესებს იცავს". - თქვა მელონიმ და დაამატა, რომ იგი საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს.
ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ "აშშ-სთან ჩვენი ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც გვაქვს".
ინტერვიუში მელონიმ ხაზი გაუსვა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ბზარის გაჩენისთვის თავის არიდებას. მან ასევე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებსა და ტრამპის ტარიფებზე არაკონფრონტაციულ პასუხზე ისაუბრა.
"იტალიას შეუძლია, ჰქონდეს კარგი ურთიერთობები აშშ-სთან და თუკი არსებობს რაღაც, რისი გაკეთებაც იტალიასაც შეუძლია, რათა ევროპასთან აშშ-ს კონფრონტაცია ავირიდოთ და ხიდები ავაგოთ, მე ამას გავაკეთებ - და ეს ევროპელების ინტერესებშია". - თქვა იტალიის პრემიერმინისტრმა.
გამოცემის ცნობით, მელონიმ კვლავ გამოხატა სკეპტიციზმი უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ საფრანგეთისა და ბრიტანეთის წინადადებას. ამის მაგივრად, ის მხარს უჭერს უკრაინაზე NATO-ს მეხუთე მუხლის გავრცელებას, რაც, მისი თქმით, "უფრო მარტივი და უფრო ეფექტური" იქნება, ვიდრე - სხვა წინადადებები.
ამას გარდა, ინტერვიუში იტალიის პრემიერმა თქვა, რომ მისი მთავრობა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ტრანსფორმაციულ გრძელვადიან პროექტებზე მუშაობს, რაც გულისხმობს ძალისხმევას, რათა იტალია აფრიკიდან ენერგეტიკის იმპორტის ჰაბად იქცეს.
"მე აქ უბრალოდ იმისთვის არ ვრჩები, რომ სკამი გავათბო. აქ ვარ, რათა ჩემი ქვეყნისთვის კარგი საქმეები ვაკეთო - რათა უკეთეს ვითარებაში დავტოვო, ვიდრე როგორშიც ვიპოვე". - თქვა მელონიმ.