24 მარტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში პროკრემლისტური მედიის სამი თანამშრომელი მუშაობისას დაიღუპა.
რუსულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ პროკრემლისტური გამოცემის, Известия-ს ჟურნალისტი, ალექსანდრ ფედორჩაკი და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხის, Звезда-ს ოპერატორი, ანდრეი პანოვი და მისი მძღოლი, ალექსანდრ სირკელი რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიღუპნენ.
Известия-ს თანახმად, ფედორჩაკი რეპორტრაჟის მომზადების დროს დაიღუპა, მისი ბოლო რეპორტაჟი კი წინა დღეს, 23 მარტს გავიდა. რეპორტაჟი კუპიანსკის მიმართულებით რუსულ იერიშს ეხებოდა.
რუსული მედიის მტკიცებით, ჟურნალისტები უკრაინული იერიშის შედეგად დაიღუპნენ. Звезда წერს, რომ პანოვისა და სირკელის მანქანაზე იერიში HIMARS-ით მიიტანეს.
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერის, ლეონიდ პასეჩნიკის თანახმად, თავდასხმა კრემინის რაიონში მოხდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ოლქში 3 ჟურნალისტის მკვლელობის საქმე აღძრეს და გამოძიება დაიწყეს.





