საზოგადოებრივი მაუწყებელი

პირველი არხი: გადაწყვეტილებებს მენეჯმენტი იღებს, გარედან ჩართული სხვა სტქრუქტურების გარეშე

პირველი არხის განცხადებით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ განხორციელებული მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიას" თანამშრომლები "ამ ხნის განმავლობაში" მხოლოდ თმენით და მაღალი პროფესიონალიზმით პასუხობენ, დასკვნის სახით კი განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ, გარედან ჩართული სხვა სტრუქტურების გარეშე.

"მეოთხე თვეა, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების პარალელურად, სხვადასხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ აქტიურად ხორციელდება მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება რეპუტაციის შემლახველი და იმიჯის დამაზიანებელი საჯარო განცხადებები, რომლებიც არ ეფუძნება ფაქტებს, შეიცავს მცდარ ინფორმაციას და არასწორ წარმოდგენებს ქმნის საზოგადოებაში.

ამ ხნის განმავლობაში მაუწყებლის თანამშრომლები ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას სხვადასხვა ფორმით გამოხატული ზეწოლის, თავდასხმებისა და შეურაცხყოფის ფონზე, რასაც პასუხობენ მხოლოდ თმენით და მაღალი პროფესიონალიზმით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლების (საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები – GPB Guardians) მცირე ნაწილის მხრიდან, რომლებიც უერთდებიან მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტს, არაერთხელ დაირღვა შრომითი ხელშეკრულების პირობები, ასევე მაუწყებლის შრომის შინაგანაწესი (რომელიც ხელშეკრულების ნაწილია). მათ მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებები იწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ცრუ ბრალდებების ტირაჟირებას და მედიაორგანიზაციის იმიჯის, ნდობის დაზიანებას, რაც ვერ დარჩება რეაგირების გარეშე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ყველა გადაწყვეტილება მიიღება ორგანიზაციის არსის, მისი მისიის და მიზნების, მასში დასაქმებული ადამიანების უფლებების და ინტერესების,  კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით.

კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზაციაში არსებობს ორი ხელმძღვანელი ორგანო – სამეურვეო საბჭო და გენერალური დირექტორი (მასთან არსებული დირექტორთა საბჭო). სამეურვეო საბჭო სამუშაო შეხვედრაზე გაეცნო იურიდიული სამსახურის მიერ წარმოებულ მოკვლევის შედეგებს, სადაც არ გამოიკვეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების ფაქტობრივი გარემოებები და საფუძვლები, ხოლო სამეურვეო საბჭოს წევრთა მიერ გამოთქმულ შეფასებებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.

რაც შეეხება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, ის იქნება მიღებული მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ, გარედან ჩართული სხვა სტრუქტურების გარეშე, საქართველოს შრომის კანონმდებლობით და საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა რეგულაციებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო მედიასტანდარტებთან." - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 5 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას 18:00-საათიანი მოამბე აღარ მიჰყავს - ჟურნალისტმა გაავრცელა პირველი არხის ოფიციალური პოზიცია, რომლის მიხედვითაც აღნიშნულის მიზეზად მოამბის პროდიუსერების მიერ ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარის თქმას ასახელებდნენ.

კომენტარები