საზოგადოებრივი მაუწყებელი

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი 18:00-საათიან მოამბეს აღარ წაიყვანს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას 18:00-საათიანი მოამბე აღარ მიჰყავს. 

ჟურნალისტი ავრცელებს პირველი არხის ოფიციალურ პოზიციას, რომლის მიხედვითაც აღნიშნულის მიზეზად ასახელებენ მოამბის პროდიუსერების მიერ ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარის თქმას:

"მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე.

ოფიციალური პოზიცია - როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე "მოამბის" პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც "მოამბე"-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება "მოამბე"-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება" - წერს ივანოვ-ჩიქოვანი.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საჯაროდ აკრიტიკებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას და გავლენებზე საუბრობს. 
 

კომენტარები