არჩევნები 2025

რა წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში ოცნების მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე?

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებების შესახებ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, ცვლილებებმა შესაძლოა, პოლიტიკური პლურალიზმი და ადგილობრივი არჩევნების სამართლიანობა დააზიანოს. 

ვენეციის კომისიამ დასკვნა 14-15 მარტს გამართულ პლენარულ სესიაზე მიიღო. დასკვნაში მიმოხილულია ივანიშვილის პარლამენტის მიერ 2024 წლის დეკემბერში დამტკიცებული ცვლილებები, რომლებიც, კომისიის დასკვნის მიხედვით, ეჭვქვეშ აყენებს ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანობას. 

დასკვნაში გამოყოფილია ის ძირითადი ეჭვები და პრობლემები, რომლებიც ქართულმა ოცნებამ დეკემბერში საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით გააჩინა:

  • გამჭვირვალობისა და კონსესუსის ნაკლებობა – ცვლილებები პარლამენტმა ერთი კვირის განმავლობაში დაჩქარებული წესით, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გარეშე 11 დეკემბერს, პირველი მოსმენით მიიღო. ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ. 

  • საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის დარღვევა – საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, საარჩევნო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები არჩევნებამდე, სულ მცირე, ერთი წლით ადრე უნდა განხორციელდეს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი, ხოლო ერთპარტიულმა პარლამენტმა ცვლილებები 2024 წლის დეკემბერში მიიღო, რაც 1 წელზე ნაკლები დროა. 

  • მაჟორიტარული სისტემის გაძლიერება – პროპორციული წესით არჩეული საკრებულოს წევრების რაოდენობა 1404 დეპუტატიდან 970-მდე შემცირდა, ხოლო მაჟორიტარული წესით არჩეული წევრების რიცხვი 664-დან 1088-მდე გაიზარდა, რამაც, ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, პოლიტიკურ პლურალიზმს შესაძლოა, ზიანი მიაყენოს. მხოლოდ თბილისის საკრებულოში, პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატთა რიცხვი 40-დან 25-მდე შემცირდა, ხოლო მაჟორიტარული წესით არჩეულთა რიცხვი 10-დან 25-მდე გაიზარდა. 

  • საარჩევნო ოლქების მანიპულაციის რისკი – საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ცესკოს მიენიჭა შეუზღუდავი უფლებამოსილება, განსაზღვროს და შეცვალოს საარჩევნო ოლქების გეოგრაფიული საზღვრები, რამაც შესაძლოა ე.წ. ჯერიმანდერინგს შეუწყოს ხელი. ე.წ. ჯერიმანდერინგი გულისხმობს პოლიტიკური მიზნებისთვის საარჩევნო ოლქების გეოგრაფიული საზღვრების იმგვარ მანიპულაციას, რომელიც ოლქზე ერთ პარტიას მისცემდა უპირატესობას. 

  • საარჩევნო ბარიერის გაზრდა – პროპორციული საარჩევნო სისტემის ბარიერი 3%-დან (თბილისში 2.5%-დან) 4%-მდე გაიზარდა, რაც პატარა პარტიებს პარლამენტში მოხვედრას გაურთულებს. როგორც ვენეციის კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, ამ ტიპის ბარიერი ლეგიტიმური მიზნით უნდა იყოს გამართლებული და ემორჩილებოდეს პროპორციულობის პრინციპს. საარჩევნო ბარიერის ზრდა, დასკვნის მიხედვით, არაპროპორციულად დააზიანებს მცირე პარტიებს. 

ვენეციის კომისიის დასკვნაში იკვეთება, რომ ცვლილებები მაჟორიტარული წარმომადგენლობის სასარგებლოდ იქნა მიღებული. დასკვნის მიხედვით, ამგვარმა კომბინირებულმა ცვლილებებმა საარჩევნო კოდექსში შესაძლოა, კიდევ უფრო მოარგოს საარჩევნო სისტემა დომინანტურ პოლიტიკურ ძალებს და შეზღუდოს სამართლიანი კონკურენცია პოლიტიკურ პარტიებს შორის. 

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ცვლილებები ასევე უკავშირდება 2021 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული "შარლ მიშელის შეთანხმების" ანულირებას, რომელიც საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის ზრდას ემსახურებოდა. ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ ამ რეფორმების გაუქმება ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას და შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესიც შეაფერხოს.

ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:

  1. გაიწვიოს 2024 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებები, რადგან ისინი საარჩევნო პროცესის სამართლიანობის პრინციპებს არღვევს;

  2. საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენა მოხდეს მკაფიო კრიტერიუმების საფუძველზე, რათა თავიდან აცილებულ იქნას მანიპულაციები (ე.წ. ჯერიმანდერინგი);

  3. ოლქების განსაზღვრა განხორციელდეს დამოუკიდებელი ორგანოს მიერ და არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, რათა საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობა შენარჩუნდეს;

  4. სამომავლო საარჩევნო რეფორმები განხორციელდეს ფართო კონსულტაციებისა და პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე და არა დაჩქარებული წესით. 

კომენტარები