დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

"Catch Me If You Can" ვითამაშეთ – თეთრი სახლი დეპორტაციებზე მოსამართლის არ დამორჩილებაზე

Mark Wilson / Getty Images

აშშ-ს თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, "ზედმეტად ნელი" იყო ფედერალური რაიონული მოსამართლე, რომელმაც ტრამპის ადმინისტრაციას დეპორტირებული ვენესუელელი მიგრანტების ორი რეისის შემობრუნება უბრძანა.

"პრეზიდენტი [ტრამპი] ყოველთვის დაემორჩილება კანონს, მაგრამ ეს მოსამართლე ზედმეტად ნელი იყო. ჩვენ პატარა თამაში "დამიჭირე, თუ შეგიძლია" [Catch me if you can] ვითამაშეთ, და თუ გამოიცნობთ, მოსამართლემ ამჯერად ჩვენი დაჭერა ვერ შეძლო". - თქვა თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ ჰარისონ ფილდსმა NewsNation-სთან საუბრისას.

ფილდსის მტკიცებით, მოსამართლემ პრეზიდენტ ტრამპის უფლებამოსილებას გადააბიჯა. ბოლო დღეებში ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ 1798 წლის "უცხო მტრების აქტის" ფარგლებში პრეზიდენტის უფლებამოსილება აღემატება მსგავსი სასამართლოების განკარგულებებს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით "უცხო მტრების აქტის" ფარგლებში სალვადორში, სავარაუდოდ, დაჯგუფება Tren de Aragua ბანდის დაახლოებით 250 ვენესუელელი წევრის დეპორტაცია მოხდა.

სალვადორის პრეზიდენტის, ნაიბ ბუკელეს თქმით, 238 დეპორტირებული "ტერორიზმის შეკავების ცენტრში" ერთწლიანი პატიმრობისთვის იქნება გადაყვანილი, რომელიც შესაძლოა გახანგრძლივდეს.

მომხდართან დაკავშირებით 17 მარტს ამერიკულმა გამოცემა Axios-მა გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების თქმით, 5 მარტს გამოცემული სასამართლო განკარგულება უგულებელყვეს, რომელიც ადმინისტრაციას ორი თვითმფრინავის შემობრუნებას ავალდებულებდა, რომელსაც, სავარაუდოდ, ვენესუელელი ბანდის წევრები გადაჰყავდა.

გამოცემასთან ორმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ განკარგულების გამოცემის დროს თვითმფრინავები უკვე საერთაშორისო წყლების თავზე იმყოფებოდა, შესაბამისად, წესები მათზე აღარ ვრცელდებოდა.

Axios წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, არ დაემორჩილოს ფედერალური მოსამართლის ბრძანებას, უკიდურესად იშვიათი და ძალზე საკამათო გადაწყვეტილებაა.

თეთრი სახლის მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპს მოსამართლის ბრძანება არ დაურღვევია, რადგან განკარგულება ზედმეტად გვიან გამოიცა იმისთვის, რომ თვითმფრინავებს კურსი შეეცვალა: "ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხმა გაიგოს, რომ ჩვენ აქტიურად არ ვუპირისპირდებით სასამართლოს გადაწყვეტილებებს". - დაამატა მან.

ტრამპის მრჩევლების მტკიცებით, ფედერალურმა რაიონულმა მოსამართლემ ჯეიმზ ბოუსბერგმა საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა, როდესაც განკარგულება გამოსცა, რომელმაც 1798 წლის "უცხო მტრების აქტის" ფარგლებში პრეზიდენტს დაახლოებით 250 სავარაუდო Tren de Aragua ბანდის წევრების დეპორტაცია დაუშალა.

ომის პერიოდის დროინდელი კანონი აღმასრულებელ შტოს უკიდურესად დიდ ძალაუფლებას ანიჭებს, რათა მოქალაქეობის არმქონე პირებს დეპორტაცია სასამართლო პროცესის გარეშე მოუწყოს. თუმცა, აღნიშნული კანონი იშვიათად იყო გამოყენებული, განსაკუთრებით მშვიდობიან პერიოდში.

ხსენებული გადაწყვეტილების შემდეგ ტრამპმა საჯაროდ მოითხოვა ფედერალური სასამართლოს მოსამართლის, ჯეიმს ბოუსბერგის იმპიჩმენტი, რის გამოც მოგვიანებით პრეზიდენტ აშშ-ს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლემ, ჯონ რობერტსმა გააკრიტიკა.

"ორ საუკუნეზე მეტია, რაც დამკვიდრდა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაზე არდათანხმების შემთხვევაში იმპიჩმენტი სათანადო რეაქცია  არ არის. ამ მიზეზით არსებობს ნორმალური სააპელაციო განხილვის პროცესი". – დაწერა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჯონ რობერტსმა. 

კომენტარები