აშშ-ვენესუელა

რუბიო: თუ მადუროს რეჟიმი დეპორტირებულებს არ მიიღებს, აშშ მკაცრ სანქციებს დააწესებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვენესუელას დამატებით სანქციებს დაუწესებს, იმ შემთხვევაში, თუ ის აშშ-დან დეპორტირებული ვენესუელელი მოქალაქეების მიღებაზე უარს იტყვის.

"ვენესუელა ვალდებულია, მიიღოს აშშ-დან დეპორტირებული საკუთარი მოქალაქეები. ეს არ არის განხილვის ან მოლაპარაკების საკითხი". - წერს სახელმწიფო მდივანი პლატფორმა X-ზე. 

რუბიოს თქმით, დეპორტირებულების მიღებისთვის ვენესუელა არავითარ ჯილდოს არ იმსახურებს.

"თუ მადუროს რეჟიმი დეპორტაციის ფრენებს მუდმივად, ზედმეტი მომიზეზებისა და დაგვიანების გარეშე არ მიიღებს, აშშ ახალ, მკაცრ და მზარდ სანქციებს დააწესებს". - აღნიშნა მარკო რუბიომ.

მანამდე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით 1798 წლის "უცხო მტრების აქტის" ფარგლებში ელ სალვადორში დაჯგუფება Tren de Aragua ბანდის დაახლოებით 250 ვენესუელელი წევრის დეპორტაცია მოხდა.

ელ სალვადორის პრეზიდენტის, ნაიბ ბუკელეს თქმით, 238 დეპორტირებული "ტერორიზმის შეკავების ცენტრში" ერთწლიანი პატიმრობისთვის იქნება გადაყვანილი, რომელიც შესაძლოა გახანგრძლივდეს.

კომენტარები