ენმ

ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს, არსებობს რუსეთში ექსტრადიციის საფრთხე - ბეჟაშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ყაზახეთში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე დააკავეს. ბეჟაშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ, საქმე ეხება "რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას".

"ჩვენი ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე დააკავეს ყაზახეთში, როდესაც ის აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა. სავარაუდოდ, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ლევან ვარშალომიძეს ეხება და უკავშირდება მის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობის ნაწილში.

არსებობს საფრთხე ექსტრადიციის, ამიტომ ახლა, ამ წუთას ჩვენი ყველა რესურსი ჩართულია იმისათვის, რომ ვეკონტაქტოთ, სწორი კომუნიკაცია გვქონდეს როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია და ყაზახეთის ხელისუფლებამ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც შედის საქართველოს და ყაზახეთის საუკეთესო ინტერესებში. ამ შემთხვევაში, ყველასათვის ცხადია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან სისხლის სამართლებრივი საქმე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, გასაგებია, რატომაც არის ეს საქმე აღძრული. ამიტომ სწორი კომუნიკაცია საჭიროა, რათა დავიხსნათ ლევან ვარშალომიძე უკანონო დაკავებისგან“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.

კომენტარები