რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Bloomberg: EU-ს ქვეყნებმა პროგრესს მიაღწიეს კიევისთვის €40 მილიარდიანი ფონდის შექმნის საკითხზე

Roman Chop/Global Images Ukraine/Getty Images

Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა პროგრესს მიაღწიეს უკრაინისთვის €40 მილიარდიანი ფონდის შექმნის საკითხზე. 

ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ინიციატივას "ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა" ჰქონდა, ხოლო შემდგომ დეტალებზე დისკუსიები უკვე დაწყებულია. 

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის მინიმუმ 20 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გადაცემაზე გასული თვიდან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ინიციატივის მიხედვით, შეიქმნებოდა ფონდი, რომელშიც ე.წ. მოსურნეთა კოალიციის წევრი ქვეყნები თანხებს მოხალისეობრივად გადარიცხავდნენ. 

ფონდი უკრაინას 20-დან 40 მილიარდ ევრომდე ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუგზავნიდა, მათ შორის, 2 მილიონ საბრძოლო ვაზნას. 

ინიციატივის ტექსტში, რომელზეც ადრე Euractiv-მა მოიპოვა წვდომა, აღნიშნულია, რომ "ქვეყნებს შეუძლიათ, 2025 წელს, სულ მცირე, 20 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუგზავნონ უკრაინას, რამაც უკრაინის საჭიროებებისთვის 40 მილიარდ ევროს შეიძლება მიაღწიოს". 

ტექსტის მიხედვით, პირველი ეტაპის ფარგლებში, ლიდერები 2025 წლისთვის 5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე უნდა შეთანხმდნენ, მათ შორის, 2 მილიონ მაღალკალიბრიან საარტილერიო საბრძოლო ვაზნის. 

ინიციატივაში ყოველი ქვეყანა საკუთარი ეკონომიკური წონის შესაბამისად მიიღებდა მონაწილეობას, ფონდის თანხებით ან პირდაპირ საბრძოლო მასალებით მომარაგების გზით. თვითონ ევროკავშირი ფონდში საკუთარ კონტრიბუციას გაყინულ რუსულ აქტივებზე დარიცხული პროცენტის, დაახლოებით 1.9 მილიარდი ევროს სახით განახორციელებდა. 

ინიციატივის მიხედვით, პრიორიტეტი მაღალკალიბრიანი საარტილერიო საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაკეტები, უპილოტო საფრენი აპარატები, ავიაგამანადგურებლები და ამასთან, ნებისმიერი სახის დახმარება იქნებოდა, რაც უკრაინული ბრიგადების აღდგენას დაეხმარებოდა. 

თუმცა, Bloomberg-ის ცნობით, ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა და იტალიამ ინიციატივის განსახილველად მეტი დრო და დეტალები მოითხოვეს.

უნგრეთი დიდი ხანია, რაც არამხოლოდ უარს ამბობს, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო თუ სხვა ტიპის დახმარების გადაცემას. შესაბამისად, მოხალისეობრივი ფონდი ბლოკს საშუალებას მისცემდა, შემდგომ სამხედრო დახმარებაზე უნგრეთის შესაძლო ვეტოსთვის გვერდი აევლო. 

კომენტარები