დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აშშ-დან ვენესუელური დაჯგუფების წევრების დეპორტაცია მოხდა, მიუხედავად მოსამართლის გადაწყვეტილებისა, რომელიც ამას კრძალავდა.
"ერთი მოსამართლე ერთ ქალაქში ვერ განსაზღვრავს უცხოელი ტერორისტებით სავსე თვითმფრინავის გადაადგილებას, რომლებიც ფიზიკურად გააძევეს აშშ-ს ტერიტორიიდან". - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა.
ლევიტმა აღნიშნა, რომ "მოსამართლის ბრძანება და ადმინისტრაციის ქმედებები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, რადგან ფედერალურ სასამართლოებს, როგორც წესი, არ აქვთ იურისდიქცია, განსაზღვრონ პრეზიდენტის მიერ უცხოელი ტერორისტების დეპორტაციის საკითხი".
"მე მხოლოდ ამას გეტყვით, ისინი ცუდი ადამიანები იყვნენ". - უპასუხა Air Force One-ის ბორტზე მყოფმა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე, დაარღვია თუ არა მისმა ადმინისტრაციამ სასამართლოს ბრძანება.
მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ კანონის გამოყენება გამართლებული იყო. "ეს ომია. გარკვეულწილად უფრო საშიში, ვიდრე ჩვეულებრივი ომი, რადგან იცით, ომში მათ უნიფორმები აქვთ. იცი, ვის ებრძვი, იცი, ვის მისდევ."
ელ სალვადორის პრეზიდენტის, ნაიბ ბუკელეს თქმით, 238 დეპორტირებული "ტერორიზმის შეკავების ცენტრში" ერთწლიანი პატიმრობისთვის იქნება გადაყვანილი, რომელიც შესაძლოა გახანგრძლივდეს.
ტრამპის მრჩევლების მტკიცებით, ფედერალურმა რაიონულმა მოსამართლემ ჯეიმზ ბოუსბერგმა საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა, როდესაც განკარგულება გამოსცა, რომელმაც 1798 წლის "უცხო მტრების აქტის" ფარგლებში პრეზიდენტს დაახლოებით 250 სავარაუდო Tren de Aragua ბანდის წევრების დეპორტაცია დაუშალა.
გამოცემა Axios-თან ორმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ განკარგულების გამოცემის დროს თვითმფრინავები უკვე საერთაშორისო წყლების თავზე იმყოფებოდა, შესაბამისად, წესები მათზე აღარ ვრცელდებოდა.