ამინდის პროგნოზი

112 მოსახლეობას ამინდის "მკვეთრ" გაუარესებაზე აფრთხილებს

112 მოსახლეობას ამინდის "მკვეთრ" გაუარესებაზე აფრთხილებს. მოქალაქეებმა მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღეს.

"გაცნობებთ, რომ 17 მარტიდან 21 მარტამდე საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ" - წერია შეტყობინებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები. მათივე ცნობით, ამინდი 17 მარტის დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოში გაუარესდება, ხოლო 19-20 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი. ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4 - 5 ბალიანი შტორმი.

"საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ინტენსიურმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, შემდგომი ადიდება, ცალკეულ მონაკვეთებზე მათი კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება (საფრთხის დონე მაღალი)" - წერია სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები