რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შემავალი ნეონაცისტური რუსიჩის ჯგუფი საკუთარ ტელეგრამ არხზე ყოფილი ერთ-ერთი ლიდერისთვის, იან პეტროვსკისთვის (ასევე ცნობილი როგორც ვოისლავ ტორდენი) ფინეთში მისჯილ სამუდამო პატიმრობას ეხმაურება.
"სასამართლოს სლავიანთან (რედ. - სლავიანი პეტროვსკის ზედმეტსახელია) დაკავშირებული გადაწყვეტილებას მიკერძოებულად და პოლიტიკურად მოტივირებულად მივიჩნევთ. ვეცდებით, რომ რუსულმა მხარემ ის გასაცვლელთა სიაში შეიყვანოს. სხვა კომენტარს არ ვაკეთებთ." - წერია რუსიჩის ტელეგრამ არხზე გავრცელებულ პოსტში.
აქამდე, რამდენიმე დღით ადრე ფინეთში იან პეტროვსკის 2014 წელს უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებთან დაკავშირებით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მას 14 მარტს ბრალი დაუმტკიცდა ლუგანსკის ოლქში ჩადენილ 4 სამხედრო დანაშაულში, რომლებსაც 22 უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.
სასამართლომ არ მიიღო მთავარი ბრალდება, რომელიც 2014 წლის 5 სექტემბერს უკრაინულ კოლონაზე ჩასაფრებას უკავშირდებოდა. გამოძიებამ ვერ დაადგინა, რომ რუსიჩის ჯგუფი და პეტროვსკი ამ ჩასაფრებაზე პასუხისმგებლები იყვნენ. თუმცა პეტროვსკის ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ბრალი დაუმტკიცდა ჩასაფრების შემდეგ მომხდარ მოვლენებსა და მის მიერ ერთი დაჭრილი სამხედროს მკვლელობაში. ის ასევე დამნაშავედ ცნეს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საკუთარ მებრძოლებს დაჭრილი სამხედროს, ივან ისიკის სხეულის დასახიჩრების უფლება მისცა. ისიკს ლოყაზე ამოტვიფრული ჰქონდა კოლოვრატის სიმბოლო, რომელსაც რუსიჩი საკუთარ ლოგოდ იყენებს.
საუბარია 2014 წელს მომხდარ შემთხვევაზე, როცა დონბასის ომის დროს პრორუსული ჯგუფები, მათ შორის რუსიჩი, უკრაინული აიდარის ბატალიონის კოლონას ჩაუსაფრდა. მაშინ არარეგულარულმა ფორმირებებმა უკრაინის დროშები გამოიყენეს და აიდარის მებრძოლები მოატყუეს. ამ ჩასაფრების შემდეგ რუსიჩის ჯგუფის წევრებმა არაერთი ფოტო გადაიღეს, რომლებსაც ბოლო წლებში საკუთარ ტელეგრამ არხზეც ჩასაფრების წლისთავის აღსანიშნავად აქვეყნებდნენ ხოლმე.
იან პეტროვსკი ფინეთში 2023 წლის აგვისტოში დააკავეს. კიევი მის გადაცემას ითხოვდა, თუმცა ჰელსინკიში ამაზე უარი თქვეს და მისი თავად გასამართლება გადაწყვიტეს.
ნეონაცისტური დივერსიულ-მოიერიშე სადაზვერვო ჯგუფი რუსიჩი იბრძოდა როგორც დონბასში, ასევე სირიასა და აფრიკაში, თუმცა კსკ ვაგნერის შემადგენლობაში. ამჟამად, როგორც თავად ჯგუფის წევრები ამბობენ, ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შედიან.
ამას გარდა, იან პეტროვსკის ფინეთში პატიმრობის პარალელურად, 2024 წლის სექტემბერში ნეონაცისტური ჯგუფი წერდა, რომ ფინეთის საზღვარზე პატრულირებაში ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (ФСБ) დაეხმარებოდნენ.
გასულ წლებში რუსეთმა დასავლურ ქვეყნებთან რამდენიმე პატიმრის გაცვლა შეძლო, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეებისაც. აშშ-ს ჩართულობით, ამერიკელების გათავისუფლების სანაცვლოდ გერმანიის ციხიდან გამოუშვეს საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, ვადიმ კრასიკოვიც.





