ნეონაცისტური დივერსიულ-მოიერიშე სადაზვერვო ჯგუფი რუსიჩი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (ФСБ) ფინეთთან საზღვრის დაცვაში დაეხმარება.
ჯგუფი ოფიციალურ ორგანოს დახმარებას ე.წ. მოხალისეობრივი სახალხო დრუჟინის (დრუჟინა - მოხალისეობრივი ამალა შუა საუკუნეებში) სახით გაუწევს.
ცნობა საკუთარ ტელეგრამ-არხზე თავად ნეონაცისტურმა ჯგუფმა გაავრცელა.
როგორც რუსიჩის განცხადებაში წერია, მათი მიზანია "გამოცდილების გაცვლა" და "სადაზვერვო საქმიანობის წარმოება".
ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
როგორც მედია Важные истории წერს, სასაზღვრო კანონებით საჯარო გაერთიანებებს საზღვრის დაცვაში მონაწილეობა შეუძლიათ, თუმცა მხოლოდ გამშევბ პუნქტებში მუშაობისა და საზღვრის დამრღვევთა ძებნის სახით. ასეთი დაჯგუფებების სადაზვერვო საქმიანობაში ჩართვა კანონით დაუშვებელია.
2023 წლიდან ფინეთში პატიმრობაში იმყოფება რუსიჩის ჯგუფის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, იან პეტროვსკი. ის ეჭვმიტანილია დონბასის ომის დროს, 2014-15 წლებში უკრაინელი სამხედროების წამებაში.
რუსიჩი დონბასის ომის გარდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი თავდასხმის დროსაც იბრძოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ დასახული ერთ-ერთი მიზანი მეზობელი ქვეყნის "დენაციფიკაცია" იყო. მანამ, სანამ რუსული პროპაგანდა ულტრამემარჯვენე შეხედულების მქონე უკრაინულ ჯგუფებს ცრუ ნარატივების შესაქმნელად იყენებდა, თავად მათ მხარეს იბრძოდა ნეონაცისტური ჯგუფი რუსიჩი. თავად იან პეტროვსკის გასულ წლებში ნათქვამი აქვს, რომ თავს ნაცისტად თვლის. თავის შეხედულებებს წარსულში არც ჯგუფის მეთაური, ალექსეი მილჩაკოვი მალავდა. რამდენიმე წლის წინ გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოში მას მესამე რაიხის დროშა უჭირავს.
2023 წლის აგვისტოში რუსიჩის ჯგუფმა გამოაცხადა, რომ "ნებისმიერი სამხედრო დავალების შესრულება" შეწყვიტეს. მიზეზად კი ასახელებდნენ, რომ ფინეთში დაკავებულ პეტროვსკის ხელისუფლება არასათანადოდ ეხმარებოდა. თუმცა, როგორც ჯგუფის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული მასალებიდან ჩანს, მომავალში მათ უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედება, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა და რუსი სამხედროების წვრთნა გააგრძელეს.
რუსიჩი დაახლოებული იყო კსკ ვაგნერთან. ფაქტობრივად, მის შემადგენლობაში შედიოდა. იბრძოდნენ სირიაში ბაშარ ალ-ასადის მხარეს. ასევე განლაგებული იყვნენ აფრიკის კონტინენტზეც. სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ პოსტებს, რომლებიც ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინის მიმართ სიმპათიებს გამოხატავს.





