აშშ-მ იემენში ჰუსიტებზე "გადამწყვეტი და ძლიერი" საჰაერო იერიშები მიიტანა, როგორც ეს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერიშის დაწყებამდე Truth Social-ზე გამოაცხადა.
ტრამპი წერდა, რომ "ირანის დაფინანსებით" ჰუსიტები წითელ ზღვაში ამერიკისა და მოკავშირეების გემებს, თვითმფრინავებსა და დრონებს თავს ესხმოდნენ, რაც აშშ-სა და მსოფლიოს ეკონომიკას აზარალებს, რის გამოც ჰუსიტებს "ჯოჯოხეთი დაატყდებოდათ თავს".
ღამის საათებში აფეთქებები იყო იემენის დედაქალაქ სანააში და ჩრდილოეთ პროვინცია საადაში.
ჰუსუტების მიერ კონტროლირებულმა ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ს იერიშებს, სულ მცირე, 31 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.
BBC-ს ცნობით, ჰუსიტები აშშ-ს შურისძიებით ემუქრებიან. როგორც დაჯგუფებამ განაცხადა, "ეს აგრესია პასუხის გარეშე არ ჩაივლის, იემენის შეიარაღებული ძალები მზად არის, ესკალაციას შემდგომი ესკალაციით უპასუხოს".
მომხდარს გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც.
"აშშ-ს საქმე არ არის, არც ძალაუფლება აქვს, უკარნახოს ირანს საგარეო პოლიტიკა. ეს ერა 1979-ში დამთავრდა. დაასრულეთ ისრაელური გენოციდისა და ტერორიზმის მხარდაჭერა. დაასრულეთ იემენელი ხალხის ხოცვა". - დაწერა არაღჩიმ X-ზე ტრამპის განცხადების საპასუხოდ.
Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში იემენელ ჰუსიტებზე იერიშის დაანონსების გარდა ირანსაც მოუწოდა, ჰუსიტების მხარდაჭერა დაუყოვნებლივ შეეწყვიტა და დაემუქრა, რომ აშშ მათ "პასუხს სრულად აგებინებდა".
"ირანს: ჰუსიტი ტერორისტების მხარდაჭერა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს! არ დაემუქროთ ამერიკელ ხალხს, მათ პრეზიდენტს, რომელმაც საპრეზიდენტო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მანდატი მიიღო, ან მსოფლიო საზღვაო ხაზებს. თუ ამას იზამთ, ფრთხილად იყავით, რადგან ამერიკა თქვენ პასუხს სრულად გაგებინებთ და თავაზიანები არ ვიქნებით". - წერდა ტრამპი.
ეს ჰუსიტების წინააღმდეგ მიტანილი პირველი იერიშია დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან.
მანამდე, 4 მარტს ტრამპის ადმინისტრაციამ იემენში ჰუსიტების პროირანული დაჯგუფება კვლავ დააბრუნა უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციათა (FTO) სიაში, რითაც მან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ 2021 წელს მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა. ანალოგიური გადაწყვეტილება ტრამპმა აშშ-ს პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც მიიღო.
ირანის მხარდაჭერით ჰუსიტები 2023 წლის ნოემბრიდან ადენის ყურესა და წითელ ზღვაში გამავალ სავაჭრო გემებს რაკეტებითა და დრონებით ესხმიან თავს. ჰუსიტები ისრაელს მტრად მიიჩნევენ - უთქვამთ, რომ ისინი გემებს პალესტინელების მხარდაჭერისთვის ესხმიან თავს, ხოლო მათი სამიზნე მხოლოდ ის გემებია, რომლებიც ისრაელთან, აშშ-სთან ან გაერთიანებულ სამეფოსთანაა დაკავშირებული. თუმცა აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან 2023 წლიდან ჰუსიტების სამიზნე სხვა ქვეყნების გემებიც გამხდარან.