16 მარტის ღამეს მეტეხის ხიდიდან კიდევ ერთი მანქანა გადავარდა. ინფორმაციას ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ.
მანქანაში ერთი მამაკაცი იჯდა, რომელიც გადავარდნის შემდეგ მაშველებმა და მოქალაქეებმა ამოიყვანეს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ცნობისთვის, ეს ბოლო 12 დღეში მესამე შემთხვევაა, როდესაც ავტომანქანა მეტეხის ხიდიდან მტკვარში ვარდება.
4 მარტს მეტეხის ხიდიდან მანქანის გადავარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მტკვარში ამავე ხიდიდან მანქანა გადავარდა 11 მარტსაც. მაშველებმა ერთი ადამიანი მანქანიდან უვნებლად ამოიყვანეს.