აშშ-ს სახელწმიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გამოაცხადა, რომ აშშ-მ თავისი მოკავშირის, ტაილანდის თანამდებობის პირებს ჩინეთში 40 მუსლიმი უიღურის დეპორტაციაში შესრულებული როლის გამო სანქციები დაუწესა.
განცხადებაში წერია, რომ აშშ "ერთგულად ებრძვის ჩინეთის ძალისხმევას, რომ მთავრობებს ზეწოლით უიღურები და სხვა ჯგუფები ჩინეთში იძულებით დააბრუნებინონ, სადაც ისინი წამებისა და იძულებითი გაუჩინარებების მსხვერპლნი ხდებიან".
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები შესაძლოა სანქცირებული პირების ოჯახის წევრებზეც გავრცელდეს.
"ეს პოლიტიკა დაუყოვნებლივ შემყავს ძალაში ტაილანდის მთავრობის იმ ახლანდელ და ყოფილ თანამდებობის პირებზე სავიზო შეზღუდვების დაწესებით, რომლებიც თანამონაწილეები იყვნენ ან პასუხისმგებლები არიან ტაილანდიდან 40 უიღურის ძალდატანებით დაბრუნებაზე". - წერია რუბიოს განცხადებაში.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ დიდი ხანია, რაც ჩინეთი უიღურების წინააღმდეგ კაცობრიობის წინაშე დანაშაულებს სჩადის და მსოფლიოს გარშემო ქვეყნებს მოუწოდებს, რომ ჩინეთში უიღურებისა და სხვა ეთნიკური ჯგუფების დაბრუნებისგან თავი შეიკავონ.
"ჩინეთის მიერ უიღურების წინააღმდეგ დიდი ხნის განმავლობაში არსებული გენოციდური აქტებისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულების ფონზე, მსოფლიოს გარშემო მთავრობებს მოვუწოდებთ, რომ უიღურები და სხვა ჯგუფები ჩინეთში ძალით არ დააბრუნონ". - წერია განცხადებაში.
მარტის დასაწყისში Reuters იტყობინებოდა, რომ აშშ და კანადა 48 უიღურისთვის თავშესაფრის მისაცემად მზად იყო, თუმცა ტაილანდი ჩინეთისგან შესაძლო უკურეაქციის გამო შეთავაზებას არ დათანხმდა.
ტაილანდმა დეპორტაციები დაიცვა და განაცხადა, რომ სამართალთან და ადამიანის უფლებების ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოქმედებდა.
ჩინეთს წლების მანძილზე ბრალად ედება სინძიანის პროვინციაში მუსლიმი უიღურებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სპეციალურ "საგანმანათლებლო" ბანაკებსა და ციხეებში მოთავსება, სადაც მათი უფლებები უხეშად ირღვეოდა.
ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია.
ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. გარდა ამისა, ხშირი იყო არაადამიანური მოპყრობის, იძულებითი შრომისა და წამების შემთხვევებიც.
აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ევროპის ქვეყნების ნაწილმა ჩინეთის მიერ სინძიანში უიღურების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები გენოციდად და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად გამოაცხადეს.
ოფიციალური პეკინი უარყოფს ბრალდებებს და აშშ-ს მიერ სანქციების დაწესებას "ჩინეთის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას" და საერთაშორისო სამართლის დარღვევას უწოდებს.
აღსანიშნავია, რომ სინძიანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, აშშ-მ 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა.