კურსკის ოლქში მდებარე ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტის მონახულების დროს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გააჟღერა მუქარა, რომ სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებული ჟენევის კონვენცია უცხოელ დაქირავებულ მებრძოლებზე არ ვრცელდება.
"ამ ადმიანებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა მოვექცეთ როგორც ტერორისტებს, რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად. ჩვენ ყველა ადამიანს ვექცევით და მომავალშიც უნდა მოვექცეთ ჰუმანურად - ყველას, ვინც ჩვენს ხელში აღმოჩნდა. ამასთან ერთად მინდა შეგახსენოთ, რომ უცხოელ დაქირავებულებზე ჟენევის 1949 წლის სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის კონვენცია არ ვრცელდება." - დაიმუქრა პუტინი, რომელმაც აქამდე თქვა, რომ კურსკის ოლქში შემოსული მოწინააღმდეგეები ტერორიზმის მუხლით უნდა გასამართლდნენ.
აღსანიშნავია, რომ ადამიანები, უცხოელი მოხალისეები, რომლებსაც პუტინი დაქირავებულ მებრძოლებს უწოდებს, უშუალოდ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში ირიცხებიან. ჟენევის კონვენციის 1977 წლის დამატებითი პროტოკოლის 47-ე მუხლში, რომელშიც ეს ტერმინია განმარტებულ, სხვა კრიტერიუმებთან ერთად ნათქვამია, რომ დაქირავებული მებრძოლი არაა კონფლიქტის არც ერთი მხარის შეიარაღებული ძალების წევრი. შესაბამისად, უცხოელ მოხალისეებზე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებიან, ჟენევის კონვენცია უნდა გავრცელდეს.
გასულ თვეებში რამდენჯერმე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ კურსკის ოლქში რუსი სამხედროები ტყვედ აყვანილ უკრაინელ ჯარისკაცებს ხვრეტდნენ.





