რუსეთის სამთავრობო მედია კრემლის პრესსპიკერ დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 12 მარტს რუსეთის კურსკის ოლქში ჩავიდა, რაც 2024 წლის აგვისტოში უკრაინის მხრიდან წამოწყებული იერიშის შემდეგ, რეგიონში მისი პირველი ვიზიტია.
პესკოვის მტკიცებით, პუტინი კურსკში რუსი სამხედროების სასარდლო შტაბში შეხვედრას დაესწრო. გავრცელებულ ვიდეოში იგი რუსეთის გენშტაბის მეთაურთან ვალერი გერასიმოვთან ერთად ჩანს.
შეხვედრის დროს პუტინმა და გერასიმოვმა თქვეს, რომ კურსკის ოლქში რუსეთმა 1 000 კმ²-ის ტერიტორია დაიბრუნა, მათ შორის, 24 დასახლება ბოლო ხუთ დღეში.
ხოლო პუტინმა არმიას დაავალა "მტერი უმოკლეს შესაძლო დროში დაამარცხოს" და განაცხადა, რომ კურსკის ოლქში ტყვედ აყვანილ უკრაინელ სამხედროებს "რუსული კანონის შესაბამისად, როგორც ტერორისტებს" ისე უნდა მოექცნენ.
"ყველა ის ადამიანი, ვინც კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე იმყოფება, რომლებიც მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულებს ჩადიან, რომლებიც ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, სასჯელაღსრულების სააგენტოებსა და სპეციალურ სამსახურებს წინააღმდეგობას უწევენ, რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად, ტერორისტები არიან". - თქვა პუტინმა გავრცელებულ ვიდეოში.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
კრემლის მტკიცებით, პუტინი კურსკის ოლქის სასარდლო შტაბში ჩავიდა

KREMLIN.RU/AFP




