თეატრალური უნივერსიტეტი

უფლება აქვთ, გაასაჩივრონ - თეატრალურის რექტორი სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერებაზე

თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შალუტაშვილი პროტესტში მონაწილე სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტას გამოეხმაურა. 

"იქ არის, დაახლოებით, 10-მდე პუნქტი, რის საფუძველზეც მათ სტუდენტის სტატუსი შეუწყდათ. მაგრამ, ეს იურიდიული პროცედურის მხოლოდ დასაწყისია. მათ სრული უფლება აქვთ, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ - დავუშვათ, სასამართლოში, ან, როგორც რექტორს, მე მომმართონ, რომ ეს გადაწყვეტილება გადაიხედოს [...] მე დიალოგისთვის მზად ვარ. ასეთი გადაწყვეტილების მიღება სასიამოვნო არავისთვის იყო". - თქვა შალუტაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

შალუტაშვილი ამბობს, რომ უნივერსიტეტის სივრცე ღამისთევისთვის ადაპტირებული არ არის. მისი თქმით, შენობაში პარაზიტები გაჩნდნენ, რის გამოც დეზინფექციის ჩატარება გახდა საჭირო.

შალუტაშვილი ასევე ამბობს, რომ, მათ შორის, ამ პრობლემის გამო, უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჩვეულად ვეღარ მიმდინარეობდა.

"ძირითადი პრობლემა იმაში დგას, რომ ამ პერიოდში უკვე სასწავლო პროცესი არასრულყოფილად წავიდა. ფაქტობრივად, უნივერსიტეტი ლექციებს სრულყოფილად ვეღარ ატარებდა და იძულებული ვიყავით, ონლაინ რეჟიმზე გადავსულიყავით [...] ხშირად გაისმა ისეთი ტიპის ბრალდება, რომ თითქოს, ჩვენ პროტესტს ვახშობთ. ეს სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება [...] ჩვენ პროტესტის ასეთ ფორმას არ ვიზიარებთ. იმიტომ, რომ არ შეიძლება, არსებობდეს პროტესტი, რომელიც უკვე სხვის უფლებას დაარღვევს. ეს იყო პრობლემა [...] პროტესტის არასწორ ფორმას იმიტომ ვამბობ, რომ ეს გარემო ღამისთევისთვის ადაპტირებული არ არის". - ამბობს შალუტაშვილი.

9 მარტს, თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შენობის დეზინფექციის მიზნით შენობის დატოვება მოსთხოვა. სტუდენტები შენობის დატოვების წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა, გამოთქვეს მზადყოფნა, დეზინფექციის სამუშაოებისთვის ხელი არ შეეშალათ და დროებით შენობის სხვა სივრცეში გადასულიყვნენ. მიუხედავად  ამისა, ადმინისტრაციამ მათ უარი უთხრა შენობის სხვა სათანადო ნაწილის დათმობაზე და სამართალდამცავები გამოიძახა. პოლიციამ შენობაში მყოფი 9 სტუდენტი 5000-5000 ლარით დააჯარიმა. სტუდენტებმა  83 დღიანი პროტესტის შემდეგ, უნივერსიტეტის შენობა დატოვეს.

10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.

თეატრალური უნივერსიტეტის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რექტორის ბრძანება ჯერ გამოცემული არ არის და სტუდენტებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ.

ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილისათვის სტატუსის შეჩერების თაობაზე უნივერსიტეტის ლექტორების, პროფესორებისა და თანამშრომლების ნაწილი განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი შუამდგომლობენ სტუდენტებს და მოუწოდებენ რექტორს, შეაჩეროს კომისიის გადაწყვეტილება.

კომენტარები