ივანიშვილის კულტურის მინისტრის მოადგილის, ბექა დავითულიანის თქმით, თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა "სწორი გადაწყვეტილება მიიღო" - სტუდენტებს შეჩერებული სტატუსი აღუდგინა და "მისცა გაფრთხილება, რითაც ამოწურა ეს საკითხი".
დავითულიანის თქმით, თეატრალურის რექტორმა ამით "თავის სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, ურთიერთობა რექტორსა და სტუდენტებს შორის დაუბრუნდეს აკადემიურ სივრცეს".
"დახურა ყოველგვარი სატელევიზიო სივრცე პოლემიკისთვის და მისცა შესაძლებლობა თავის სტუდენტებს, ურთიერთობა რექტორსა და სტუდენტებს შორის დაუბრუნდეს აკადემიურ სივრცეს.
შესაბამისად, საკითხი ამოწურულია, სატელევიზიო დებატების სივრცე და ადგილი აღარ დარჩა, სტუდენტებს შეუძლიათ მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში, განაგრძონ სწავლა და ვისაც ამის სურვილი ჰქონდა რეალურად და ვისი მიზანიც ნამდვილად ეს იყო, განაგრძოს თავისი საქმის კეთება". - თქვა დავითულიანმა სამთავრობო მედიის ცნობით.
ივანიშვილის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სტუდენტებს თავიანთი აზრისა და პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ, თუმცა "ამ უფლებაში კანონით დადგენილი ჩარჩოები არსებობს".
"ნებისმიერ სტუდენტს, ისევე როგორც მოქალაქეს აქვს თავის აზრის და პროტესტის გამოხატვის უფლება, ამ უფლებაში არსებობს კანონით დადგენილი ჩარჩოები. სტუდენტთა ერთი ჯგუფის უფლებებმა არ უნდა შელახოს დანარჩენი სტუდენტების უფლებები და მთლიანად უნივერსიტეტის უფლებები". - აღნიშნა დავითულიანმა.
საბოლოოდ, დავითულიანმა ივანიშვილის კულტურის სამინისტროს სახელით მადლობაც გადაუხადა გიორგი შალუტაშვილს, რადგან მან მათ, "ვისაც სწავლა უნდოდა, ამის შესაძლებლობა მისცა".
"აქედან გამომდინარე, ყველას თავის არჩევანი აქვს - ვისაც სწავლა უნდოდა მას რექტორის გადაწყვეტილებით, ამის შესაძლებლობა მიეცა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით რექტორს. ვისაც რაიმე სხვა ქვეზრახვები ჰქონდა, გამოჩნდება. რექტორმა შანსი სტუდენტებს მისცა, რისთვისაც კულტურის სამინისტროს პოზიციაა, რომ ვუხდით მას მადლობას". - დაამატა დავითულიანმა.
9 მარტს, თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შენობის დეზინფექციის მიზნით შენობის დატოვება მოსთხოვა. სტუდენტები შენობის დატოვების წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა, გამოთქვეს მზადყოფნა, დეზინფექციის სამუშაოებისთვის ხელი არ შეეშალათ და დროებით შენობის სხვა სივრცეში გადასულიყვნენ. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციამ მათ უარი უთხრა შენობის სხვა სათანადო ნაწილის დათმობაზე და სამართალდამცავები გამოიძახა. პოლიციამ შენობაში მყოფი 9 სტუდენტი 5000-5000 ლარით დააჯარიმა. სტუდენტებმა 83 დღიანი პროტესტის შემდეგ, უნივერსიტეტის შენობა დატოვეს.
10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.
თეატრალური უნივერსიტეტის ამბობდა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რექტორის ბრძანება ჯერ გამოცემული არ იყო და სტუდენტებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ჰქონდათ.
ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილისათვის სტატუსის შეჩერების თაობაზე უნივერსიტეტის ლექტორების, პროფესორებისა და თანამშრომლების ნაწილი განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ისინი შუამდგომლობენ სტუდენტებს და მოუწოდებენ რექტორს, შეაჩეროს კომისიის გადაწყვეტილება.





