თეატრალური უნივერსიტეტი

თეატრალური: რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, არ შეუწყვიტოს სტატუსი სტუდენტებს

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა სტუდენტებს შეჩერებული სტატუსი აღუდგინა. 

"სტუდენტების, პედაგოგებისა და თანამშრომლების განცხადებების საფუძველზე, უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა - სტატუსის შეწყვეტა". - წერია უნივერსიტეტის განცხადებაში. 

ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება ივანიშვილის კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანმაც. 

დავითულიანის თქმით, თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა "სწორი გადაწყვეტილება მიიღო" - სტუდენტებს შეჩერებული სტატუსი აღუდგინა და "მისცა გაფრთხილება, რითაც ამოწურა ეს საკითხი". 

ცნობისთვის, 9 მარტს, თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შენობის დეზინფექციის მიზნით შენობის დატოვება მოსთხოვა. სტუდენტები შენობის დატოვების წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა, გამოთქვეს მზადყოფნა, დეზინფექციის სამუშაოებისთვის ხელი არ შეეშალათ და დროებით შენობის სხვა სივრცეში გადასულიყვნენ. მიუხედავად  ამისა, ადმინისტრაციამ მათ უარი უთხრა შენობის სხვა სათანადო ნაწილის დათმობაზე და სამართალდამცავები გამოიძახა. პოლიციამ შენობაში მყოფი 9 სტუდენტი 5000-5000 ლარით დააჯარიმა. სტუდენტებმა  83 დღიანი პროტესტის შემდეგ, უნივერსიტეტის შენობა დატოვეს.

10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.

თეატრალური უნივერსიტეტის ამბობდა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რექტორის ბრძანება ჯერ გამოცემული არ იყო და სტუდენტებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ჰქონდათ.

ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილისათვის სტატუსის შეჩერების თაობაზე უნივერსიტეტის ლექტორების, პროფესორებისა და თანამშრომლების ნაწილი განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ისინი შუამდგომლობენ სტუდენტებს და მოუწოდებენ რექტორს, შეაჩეროს კომისიის გადაწყვეტილება.

კომენტარები