თეატრალური უნივერსიტეტი

SJC: თეატრალურის სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტას და დაჯარიმებას გავასაჩივრებთ

სოციალური სამართლიანობის ცენტრის(SJC) ცნობით, თეატრალურის სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტას და დაჯარიმებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"SJC სოლიდარობას უცხადებს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით სტუდენტის სტატუსის შეუწყდათ და სტუდენტების ინტერესების დასაცავად გამოიყენებს ყველა სამართლებრივი დაცვის საშუალებას. მიგვაჩნია, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება არის აშკარად უსამართლო, თვითნებური და მიზნად ისახავს პროტესტში ჩართული სტუდენტების დევნასა და პროტესტის დასუსტებას. ამასთან, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება უკანონოა და დაუსაბუთებელი და ის უნდა გაუქმდეს". - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

9 მარტს, თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შენობის დეზინფექციის მიზნით შენობის დატოვება მოსთხოვა. სტუდენტები შენობის დატოვების წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა, გამოთქვეს მზადყოფნა, დეზინფექციის სამუშაოებისთვის ხელი არ შეეშალათ და დროებით შენობის სხვა სივრცეში გადასულიყვნენ. მიუხედავად  ამისა, ადმინისტრაციამ მათ უარი უთხრა შენობის სხვა სათანადო ნაწილის დათმობაზე და სამართალდამცავები გამოიძახა. პოლიციამ შენობაში მყოფი 9 სტუდენტი 5000-5000 ლარით დააჯარიმა. სტუდენტებმა  83 დღიანი პროტესტის შემდეგ, უნივერსიტეტის შენობა დატოვეს.

10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.

თეატრალური უნივერსიტეტის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რექტორის ბრძანება ჯერ გამოცემული არ არის და სტუდენტებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ.

ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილისათვის სტატუსის შეჩერების თაობაზე უნივერსიტეტის ლექტორების, პროფესორებისა და თანამშრომლების ნაწილი განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი შუამდგომლობენ სტუდენტებს და მოუწოდებენ რექტორს, შეაჩეროს კომისიის გადაწყვეტილება.

კომენტარები