"პრაქტიკულად, სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს" - მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომელშიც სააკაშვილს სახელმწიფო რესურსების გაფლანგვას ედავებიან, 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 3 წლის ვადით ჩამოართვა სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება.
"რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი არა?
დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა, ეს არის მათი პასუხი იმაზე რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო.
მას შემდეგ რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის.
ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული.
ვერ დაგვაშინებენ!
ძალა ერთობაშია!" - წერს სააკაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას სასამართლო სხდომა გაიმართა და მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა.
კოჭლამაზაშვილმა სააკაშვილს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 3 წლის ვადით ჩამოართვა სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება.
ხოლო ჯანაშიას 300 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და მასაც 3 წლის ვადით ჩამოართვა სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება.
ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროკურატურა მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავებოდა.
პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი.
10 მარტს გამართულ სხდომაზე სააკაშვილმა, რომელიც სასამართლო პროცესს კლინიკა ვივამედიდან დისტანციურად ერთვებოდა, საკუთარ დასკვნით სიტყვაში თქვა, რომ პრეზიდენტობის დროს, მისი ხელფასი 3000-დან 4000 ლარამდე იყო და ამ ფულით დონალდ ტრამპსა და ჰილარი კლინტონს ვერ გაუმასპინძლდებოდა.
2024 წლის 2 მარტს სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მიხეილ ჯინჯოლიამ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ 2018 წლის 5 იანვარს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. ექსპრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ეს პირველი განაჩენი იყო, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქართველოს სასამართლოებში გამოცხადდა.
სასამართლომ სააკაშვილი ასევე დამნაშავედ ცნო ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით და იარაღის გამოყენებით და 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას მოიცავს. ყოფილ პრეზიდენტს ამ საქმეზე 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
2021 წლის 1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს.