გიორგი ჩიკვაიძე

სასამართლოში პაპიაშვილის ჩხრეკა მიმდინარეობს - ჩხრეკენ ჩიკვაიძისა და მის სახლებსაც

 

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთ ოთახში, ჩხრეკა უტარდება. გარდა ამისა, პაპიაშვილის ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობს მის საცხოვრებელ სახლში. ჩხრეკენ პაპიაშვილის მანქანასაც.

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დედამ, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ჩიკვაიძის სახლშიც პოლიცია მისული. გიორგი ჩიკვაიძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მის სახლში ჩხრეკა ტარდება.

ჩხრეკებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ატარებს. 

"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ ბრალდებულები გეგმავდნენ საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, რასთან დაკავშირებითაც დაიწყო გამოძიება და დღეის მდგომარეობითაც გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები" - განაცხადა ჩიკვაიძის და პაპიაშვილის საქმის პროკურორმა.

ამ დროისთვის უცნობია ამ გამოძიებას უკავშირდება თუ არა ჩხრეკები.

სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო, პატიმრობით შეცვალა. ჩიკვაიძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

მისი ბიზნესპარტნიორისთვის, ირაკლი პაპიაშვილისთვის შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ მიიღო. 

კომენტარები