გერმანია

გერმანიის უმსხვილეს აეროპორტებში 24-საათიანი გაფიცვა დაიწყო

Christoph Reichwein/dpa/picture alliance

გერმანიის უმსხვილეს აეროპორტებში მიწისზედა მომსახურებისა და ავიაციის უსაფრთხოების თანამშრომლებისა და საჯარო მოსამსახურეების 24-საათიანი გაფიცვა დაიწყო

გაფიცვა გერმანიის უმსხვილეს აეროპორტებს შეეხება - ფრანკფურტის, მიუნხენის, შტუტგარტის, კიოლნის/ბონის, დიუსელდორფის, დორტმუნდის, ჰანოვერის, ბრემენის, ჰამბურგის, ბერლინ-ბრანდენბურგისა და ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტებს. 

გერმანიის აეროპორტთა ასოციაციის (ADV) ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 3 400 ფრენა გაუქმდება, რაც 510 000 მგზავრის გეგმებზე აისახება. 

გერმანულმა საავიაციო ჯგუფმა, Lufthansa-მ განაცხადა, რომ მათი ავიახაზების ფრენებს "შეფერხება და მრავალი გაუქმება" შეეხება. 

ფრანფკურტის აეროპორტმა მგზავრებს სერიოზული შეფერხებების შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა, "ავიახაზებთან თავიანთი ფრენის სტატუსი შეამოწმონ, სანამ აეროპორტში მოვლენ". 

დასაქმებულებს გაფიცვისკენ პროფკავშირმა, Ver.di-მ მოუწოდა, მას შემდეგ, რაც ხელფასის ზრდაზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ჩაიშალა. 

Ver.di დაახლოებით 2.5 მილიონი დასაქმებულისთვის კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობს. 

პროფკავშირი, მათ შორის, დასაქმებულთა ხელფასების 8%-იან ზრდას, უფრო მაღალ ბონუსებსა და შვებულების დღეთა მომატებას ითხოვს. 

გერმანიის ფედერალური მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლებების თქმით, პროფკავშირის მოთხოვნები განხორციელებადი არ არის. 

9 მარტს, მასშტაბური გაფიცვის გამოცხადებამდე, ჰამბურგის აეროპორტში მიწისზედა მომსახურების თანამშრომლები გაფრთხილების გარეშე გაიფიცნენ და მუშაობა ნაადრევად შეწყვიტეს.

როგორც ჰამბურგის აეროპორტის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო dpa-ს უთხრა, გაფიცვის შედეგად 144 ჩასვლისა და 139 გამგზავრების ფრენებიდან მხოლოდ 10 დილის რეისი შესრულდა, დანარჩენი კი გაუქმდა. გაფიცვა დაახლოებით 40 000 მგზავრს შეეხო. 

Ver.di-ს წარმომადგენელმა dpa-სთან თქვა, რომ ამ კვირაში სახელმწიფო აეროპორტებში დამატებითი გაფიცვები იგეგმება.

კომენტარები