საფრანგეთი

პარიზის რკინიგზასთან "რელსების შუაგულში" მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს

საფრანგეთში პარიზის Gare du Nord-ის მატარებლის სადგურთან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აუფეთქებელი ბომბი აღმოაჩინეს, რამაც რკინიგზის მოძრაობა შეაფერხა.

საფრანგეთის ეროვნული რკინიგზის კომპანიის ინფორმაციით, ბომბი Gare du Nord-დან 2.5 კილომეტრის დაშორებით, "რელსების შუაგულში" აღმოაჩინეს. პარიზის საგარეუბნო რკინიგზის კომპანიამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ეს ასაფეთქებელი მოწყობილობა მეორე მსოფლიო ომის პერიოდს ეკუთვნის.

სანამ ადგილობრივი პოლიცია ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფაზე მუშაობდა შეჩერებული იყო სადგურისკენ მიმავალი ყველა მატარებლის მოძრაობა.

საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ფილიპ ტაბარომ, მოსხლეობა გააფრთხილა, რომ Gare du Nord-ში რკინიგზის მოძრაობა მთელი პარასკევის განმავლობაში შეფერხებული იქნება.

Gare du Nord პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და ქვეყნის ყველაზე დატვირთული სარკინიგზო ტერმინალია, სადაც Eurostar-ის, მაღალსიჩქარიანი და ადგილობრივი მატარებლები მოძრაობენ.

Eurostar-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, პარიზში ყველა Eurostar-ის რეისი გაუქმდა. მგზავრებს ურჩიეს, რომ მგზავრობის თარიღი შეეცვალათ.

საფრანგეთის სარკინიგზო კომპანიის მონაცემებით, Gare du Nord-ის გავლით ყოველდღიურად დაახლოებით 700,000 ადამიანი მგზავრობს.

კომენტარები