აშშ-მ უკრაინასთან იმ სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეაჩერა, რომელიც შესაძლოა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის გამოიყენონ. ინფორმაციას Sky News უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, წყაროს თქმით, სადაზვერვო მონაცემების გაზიარება სრულად არ შეწყვეტილა. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი "შერჩევითია", რაც იმას გულისხმობს, რომ უკრაინას აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაცია ნაწილობრივ კვლავ მიეწოდება, რათა კიევმა ის [ინფორმაცია] რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალების წინააღმდეგ თავდასხმებისთვის გამოიყენოს.
5 მარტს აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა Fox Business-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ აშშ-მ, სამხედრო დახმარებასთან ერთად, უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაც შეუჩერა მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ტრამპის ადმინისტრაციასა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეკამათება მოხდა.
ამასთან, რეტკლიფის თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების შემდეგ, მისი აზრით, უკრაინასთან სამხედრო და სადაზვერვო კუთხით აღებული პაუზა დამთავრდება და მხარეები მუშაობას გააგრძელებენ.
მანამდე, გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაც შეუჩერა, რამაც შესაძლოა სერიოზულად შეაფერხოს უკრაინის არმიის უნარი, მიზანში ამოიღოს რუსული ძალები.
Financial Times-თან ორმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეუჩერა, თუმცა ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ აშშ განაგრძობს რუსეთსა და უკრაინაზე სადაზვერვო ინფორმაციის უახლოეს მოკავშირეებთან, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოსთან, გაზიარებას.
3 მარტს კი ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. გამოცემები ინფორმაციას თეთრი სახლისა და თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ განსაზღვრავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.
მაღალჩინოსნის თქმით, ყველა სახის აშშ-ს სამხედრო დახმარება, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, გაჩერდება, მათ შორის ის საბრძოლო მასალებიც, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.
ხოლო CNN-ის ცნობით, რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი უფროსი თანაშემწეები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ, სანამ მხარეები მინერალების შეთანხმებას დაუბრუნდებიან.
თუმცა, გუშინ გამოცემა RBC Ukraine სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება არ შეუჩერებია.





