აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა 5 მარტს Fox Business-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ აშშ-მ, სამხედრო დახმარებასთან ერთად, უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაც შეუჩერა მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ტრამპის ადმინისტრაციასა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეკამათება მოხდა
"ტრამპს რეალური კითხვა გაუჩნდა იმის შესახებ, იყო თუ არა პრეზიდენტი ზელენსკი სამშვიდობო პროცესის ერთგული, და მან თქვა, მოდით, დავაპაუზოთო". - განმარტა მან ინტერვიუში
"თქვენ ნახეთ პასუხი, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განცხადება გამოაქვეყნა და თქვა "მშვიდობისთვის ვარ მზად და დონალდ ტრამპის ლიდერობით მინდა, რომ ეს მშვიდობა დადგესო", ამიტომ ვფიქრობ, სამხედრო და სადაზვერვო კუთხით, პაუზა, რამაც ეს შედეგი მოგვცა, დამთავრდება და უკრაინელებთან მხარდამხარ ვიმუშავებთ, როგორც ამას მანამდე ვაკეთებდით, რათა იქ აგრესიას წინააღმდეგობა გავუწიოთ, მაგრამ [ასევე] იმისთვის, რომ მსოფლიო უკეთეს ადგილზე იყოს, რათა ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებმა წინ წაიწიოს". - დაამატა მან.
დღეს, 5 მარტს, გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაც შეუჩერა, რამაც შესაძლოა სერიოზულად შეაფერხოს უკრაინის არმიის უნარი, მიზანში ამოიღოს რუსული ძალები.
Financial Times-თან ორმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეუჩერა, თუმცა ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ აშშ განაგრძობს რუსეთსა და უკრაინაზე სადაზვერვო ინფორმაციის უახლოეს მოკავშირეებთან, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოსთან, გაზიარებას.
3 მარტს კი ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. გამოცემები ინფორმაციას თეთრი სახლისა და თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ განსაზღვრავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.
მაღალჩინოსნის თქმით, ყველა სახის აშშ-ს სამხედრო დახმარება, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, გაჩერდება, მათ შორის ის საბრძოლო მასალებიც, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.
ხოლო CNN-ის ცნობით, რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი უფროსი თანაშემწეები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ, სანამ მხარეები მინერალების შეთანხმებას დაუბრუნდებიან.
თუმცა, გუშინ გამოცემა RBC Ukraine სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება არ შეუჩერებია.





