აშშ-რუსეთი

CNN: აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ შეტევითი კიბეროპერაციები შეაჩერა

აშშ, კიბერ
Saul Loeb/AFP/Getty Images/File

აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ შეტევითი კიბეროპერაციების დაგეგმვა და განხორციელება შეაჩერა. ინფორმაციას CNN ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს

ანონიმური ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ კიბეროპერაციების შეჩერება აშშ-ს უფრო მოწყვლადს გახდის მოსკოვის პოტენციური კიბერშეტევების მიმართ, ხოლო მოსკოვს ჰაკერების ჯგუფი ჰყავს, რომლებსაც აშშ-ს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა და აშშ-ს დაზვერვის სენსიტიური მონაცემების მოპოვება შეუძლიათ. 

აშშ-ის კიბერსარდლობის, სამხედრო შეტევითი და თავდაცვითი კიბერდანაყოფის ოპერაციებისა და დაგეგმვის შეჩერება ხდება პარალელურად ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობებისა, უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე რუსეთთან დაძაბული ურთიერთობები განმუხტოს. 

"ოპერაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს ან განვიხილავთ კიბერდაზვერვას, გეგმებსა თუ ოპერაციებს. [თავდაცვის] მდივან ჰეგსეთისთვის არ არსებობს იმაზე დიდი პრიორიტეტი, ვიდრე მებრძოლის უსაფრთხოება ყოველ ოპერაციაში, მათ შორის, კიბერსივრცეში". - გამოცემას უთხრა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტიდან. 

აშშ-ს კიბერსარდლობის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ჯეისონ კიკტამ გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ "პენტაგონისთვის უჩვეულო არაა, შეაჩეროს მოქმედებები, მათ შორის, კიბეროპერაციები, რომლებიც პოტენციურად მადესტაბილიზებელი ან პროვოკაციული იქნებოდა [აშშ-რუსეთის] მოლაპარაკებებისთვის". 

ანონიმური ოფიციალური პირების თქმით, რუსეთი და აშშ კიბერსივრცეში რეგულარულ დაპირისპირებაში არიან, ხოლო კრემლი კიბერსივრცეს უყურებს, როგორც აშშ-სთან ასიმეტრიული უპირატესობის წყაროს, ვინაიდან მას შეუძლია, აშშ-ს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შეაღწიოს და აშშ-ს არჩევნებზე გავლენის მოხდენა სცადოს. 

კრემლის ამ ძალისხმევის გასანეიტრალებლად, ამერიკული სამხედრო და სადაზვერვო ჰაკერები ბოლო წლების განმავლობაში რუსი კიბერდამნაშავეებისა და დაზვერვის ოპერატორების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. 

კომენტარები