რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

NYT: უკრაინაში ამერიკული იარაღის შედინება თითქმის შეჩერდა და შესაძლოა, სრულად შეწყდეს

bbc

გამოცემა New York Times-ის ცნობით, რომ უკრაინაში ამერიკული სამხედრო დახმარების შედინება თითქმის შეჩერდა და შესაძლოა, სრულად შეწყდეს. 

როგორც NYT წერს, გუშინ, 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად თეთრ სახლში შესვლისას იცოდა, რომ თავის ქვეყანაში აშშ-დან იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შედინება პრაქტიკულად შეწყვეტილი იყო. 

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში აშშ-ს პრეზიდენტს, ვიცეპრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის მომხდარი უპრეცენდენტოდ მწვავე კამათისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, სიტუაცია კიდევ უფრო მძიმედ ჩანდა. 

უკრაინისათვის გადასაცემი სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი აშშ-მ დაახლოებით 50 დღის წინ გამოაცხადა მაშინ, როცა ქვეყნის სათავეში ჯერ კიდევ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იყო. ახალ ადმინისტრაციას კი ცოტა რამ უთქვამს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე.

როგორც გამოცემას ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა 28 თებერვალს უთხრა, უკრაინისათვის ჯერ კიდევ გადასაცემი ამერიკული დახმარება, მათ შორის, საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის საბოლოო გზავნილები, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ავტორიზებული და დაფინანსებული იყო, შესაძლოა, მყისიერ სრულად გაუქმდეს. 

ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ ოვალურ ოფისში მომხდარი მწვავე კამათის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა შესაძლოა, გადაწყვიტოს, უკრაინას არაპირდაპირი დახმარებაც შეუჩეროს, რაც სხვა სახის სამხედრო დაფინანსებებს, ამერიკული დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებასა და  უკრაინელი სამხედროებისა და პილოტების წვრთნასაც მოიცავს. 

პენტაგონის მონაცემების მიხედვით, თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან უკრაინისთვის კონგრესის მიერ ავტორიზებული 3.85 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება რჩება გადასაცემი. თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ბაიდენის ადმინისტრაციიდან, გამოცემას უთხრა, რომ შეიარაღების საბოლოო პარტია, რომელიც უკრაინამ აშშ-ს მთავრობის მიერვე მიღებული დაფინანსებით ამერიკული კომპანიებისგან შეიძინა, ქვეყანაში შემდეგი 6 თვის განმავლობაში გაიგზავნება, თუმცა ამის შემდეგ უკრაინის მომარაგება ევროპულ და სხვა სახელმწიფოებს მოუწევთ. 

ვინაიდან ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების არცერთი პაკეტი აღარ გამოცხადებულა, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დამტკიცებული დახმარებიდან დარჩენილი საბოლოო პარტიების უკრაინაში გადაზიდვა მკვეთრად შენელდა.

ცნობისთვის, 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის მინისტრთა კაბინეტს შორის. 

მოსფლიოს მასშტაბით პირდაპირ რეჟიმში გადაცემული შეხვედრა უპრეცენდენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა ტრამპს, ზელენსკისა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა. 

გთავაზობთ პრეზიდენტ ტრამპს, ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის ოვალურ ოფისში გამართული უპრეცედენტო კამათის სრულ ტრანსკრიპტს.

შეხვედრის კონსტრუქციული დასაწყისი, რომლისთვისაც წინმსწრები დაძაბულობის ფონზე თბილიც შეიძლებოდა გვეწოდებინა, მედიის თვალწინ გამართულ მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა:

კამათი ტრამპს, ვენსსა და ზელენსკის შორის – სრული ტრანსკრიპტი

კომენტარები