აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში გაერთიანებული სამეფოს პრემიერთან, კირ სტარმერთან, შეხვედრისას თქვა, რომ შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინაში განთავსებული ბრიტანელი სამხედროები "საკუთარი თავის მოვლას" შეძლებენ.
თუმცა, ორი ქვეყნის ლიდერს შორის მოლაპარაკების გამართვამდე აშშ-ს პრეზიდენტს ჰკითხეს, დაეხმარებოდა თუ არა იგი უკრაინაში განლაგებულ ბრიტანელ სამხედროებს იმ შემთხვევაში, თუ მათ რუსეთი თავს დაესხმება, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ საჭიროების შემთხვევაში იგი ყოველთვის ბრიტანელების გვერდით იქნება.
"მე ყოველთვის მესმოდა ბრიტანელებზე, რომ მათ ბევრი დახმარება არ სჭირდებათ. ისინი საკმაოდ კარგად უვლიან საკუთარ თავს. ბრიტანელები ბრწყინვალე სამხედროები არიან, არაჩვეულებრივი ჯარი ჰყავთ და თავის მოვლა შეუძლიათ, თუმცა, თუ დახმარება დასჭირდებათ, მე ყოველთვის ვიქნები ბრიტანელების გვერდით". - თქვა ტრამპმა.
ამის შემდეგ ტრამპმა სტარმერს ხუმრობით კითხა, შეძლებს თუ არა გაერთიანებული სამეფო რუსეთს მარტო გაუმკლავდეს.
ლიდერების შეხვედრამდე გაერთიანებული სამეფოს მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ ტრამპთან დახურულ შეხვედრას სტარმერი აშშ-სგან "უსაფრთხოების ზომების" მისაღებად გამოიყენებდა, რათა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ ბრიტანელ და ევროპელ სამშვიდობო ძალებს უსაფრთხოების გარანტიები ჰქონდეთ.
თუმცა, ტრამპის თქმით, აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალებზე შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ტრამპი თეთრ სახლში დღეს მოაწერენ ხელს, თავისთავად იქნება უსაფრთხოების გარანტია.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ პუტინი სიტყვას დაიცავს და უკრაინას ხელახლა არ დაესხმება თავს: "მე დიდი ხანია, მას ვიცნობ და არ მგონია, რომ პირობას დაარღვევს... ვფიქრობ, შეთანხმებას დაიცავს". - თქვა მან.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, უკრაინასთან მინერალებზე შეთანხმება, "შეიძლება ითქვას, უსაფრთხოების ზომაა. არ მგონია, ვინმე ცუდად გაგვეთამაშოს, თუ ჩვენ იქ ბევრი მუშახელით ვიქნებით".