აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გუშინ, 27 თებერვალს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე ამერიკულმა და რუსულმა მხარეებმა საელჩოების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების საკითხზე, კერძოდ, მომსახურე პერსონალისა და მათი საბანკო და საკონტრაქტო სერვისების აღდგენის შესახებ ისაუბრეს.
მოლაპარაკებები, რომელიც 6 საათზე მეტი გაგრძელდა, სტამბოლში აშშ-ს გენერალური კონსულის რეზიდენციაში გაიმართა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის საუდის არაბეთში გამართული შეხვედრიდან თითქმის 10 დღის შემდეგ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს წარმოადგენდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე რუსეთისა და ცენტრალური ევროპის საკითხებში, სონატა კოლტერი, ხოლო რუსულ მხარეს წარმოადგენდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოატლანტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრ დარჩიევი.
"აშშ-მ წამოჭრა საკითხები საბანკო და საკონტრაქტო სერვისებთან წვდომისა და, ამასთან, საჭიროების შესახებ, უზრუნველყოფილი იყოს მომსახურე პერსონალის სტაბილური და მდგრადი დონე მოსკოვში აშშ-ს საელჩოში". - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტმა არ დააკონკრეტა, თუ რა საკითხები წამოჭრა რუსულმა მხარემ მოლაპარაკებებისას. ორივე მხარე უახლოეს მომავალში შემდგომი შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდა.
Moscow Times-ის ცნობით, რუსულმა ბიზნეს გამოცემა Kommersant-მა გასულ ნოემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი აშშ-ში შემდეგი ელჩის პოზიციაზე სწორედ ალექსანდრ დარჩიევის დანიშვნას განიხილავდა. რუსეთს გასული ოქტომბრის შემდეგ აშშ-ში საკუთარი ელჩი არ ჰყავს. ბოლო ელჩი, რომელიც რუსეთში ოქტომბერში დაბრუნდა, ანატოლი ანტონოვი იყო.





