პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ განხორციელებულ პირველი სარკინიგზო რეისსა და სოხუმის აღდგენილ აეროპორტში მეორე საჰაერო მიმოსვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტებზე ქართული ოცნება დუმილს აგრძელებს.
აქუბარდიას თქმით, სახეზეა რუსეთის გაძლიერებული იერიში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ და "ამ საქმეში ივანიშვილის კოლაბორაცია მტერთან ჩუმი თანხმობით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ".
"ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთმა განახორციელა პირველი სარკინიგზო რეისი და მეორე საჰაერო მიმოსვლა სოხუმის აღდგენილ აეროპორტში. მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმი დასავლეთ საქართველოში სტიქიის ზონიდანაც კი აგრძელებს დასავლეთზე თავდასხმას, იქნება ეს ევროკავშირის ელჩი თუ დიდი ბრიტანეთი, კვლავ დუმილის რეჟიმში ხვდება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის მორიგ შემაშფოთებელ ისეთ ფაქტებს, როგორიცაა პირველი სარკინიგზო მატარებლის ჩასვლა სოჭიდან ოკუპირებულ სოხუმში და უკვე მეორე პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთიდან.
რეჟიმის საგარეო უწყება დუმდა მაშინაც, როცა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ, რომელიც სოხუმში იმყოფებოდა, "შეათანხმა რუსულ სირიუსსა და აფხაზეთის სოხუმს შორის რეგულარული ჩქაროსნული მატარებლის გაშვებასთან დაკავშირებული საკითხები".
ახლა კი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 1 მაისიდან დაიწყება რეგულარული საჰაერო მიმოსვლა რუსეთისა და ოკუპირებული სოხუმის განახლებულ აეროპორტებს შორის.
მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმი ჯერ კიდევ 2023 წელს დუმდა რუსეთისთვის სოხუმის აეროპორტის უკანონო გადაცემასთან დაკავშირებით, იღებდა რუსულ კანონებს, რითაც დასავლეთისგან იზოლაციის ფონს ამზადებდა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ახლა კი, ამ იზოლაციის ფონზე, სახეზეა რუსეთის გაძლიერებული იერიში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ და ამ საქმეში ივანიშვილის კოლაბორაცია მტერთან ჩუმი თანხმობით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.
საქართველოს საგარეო უწყება დუმილის ფონზე, მოვუწოდებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შესაბამისი რეაგირებისკენ - რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმულ ამ ნაბიჯებზე". - თქვა აქუბარდიამ.





