რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი ზელენსკისთვის დიქტატორის წოდებაზე: ეს ვთქვი? მიჭირს დაჯერება, რომ ეს ვთქვი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Sven Hoppe/Pool via REUTERS

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, BBC-ის ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ მას "უჭირს დაჯერება", რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის "დიქტატორი" უწოდა. 

ჟურნალისტი: ბატონო პრეზიდენტო, კვლავ ფიქრობთ, რომ ბატონი ზელენსკი დიქტატორია? 

ტრამპი: ეს ვთქვი? მიჭირს დაჯერება, რომ ეს ვთქვი, შემდეგი შეკითხვა. 

მანამდე ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტის შესახებ და აღნიშნა, რომ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა აქვს, რომელიც "შესაძლოა, ბოლო დროს დაიძაბა, რადგან გვინდოდა მიგვეღო ის, რაც ევროპულ სახელმწიფოებს ჰქონდათ". ტრამპმა იგულისხმა, რომ მას სურდა, აშშ-ს უკან დაებრუნებინა თანხა, რომელიც ომის დაწყებიდან აშშ-მ უკრაინას გადასცა. 

"ჩვენ გვსურს მასთან ერთად მუშაობა, პრეზიდნეტ ზელენსკისთან. ჩვენ გვსურს მასთან ერთად მუშაობა და ვიმუშავებთ კიდეც. ვფიქრობ, მე და ზელენსკის ნამდვილად კარგი ურთიერთობები გვაქვს, ბოლო დროს, შესაძლოა, დაიძაბა, რადგან გვინდოდა მიგვეღო ის, რაც ევროპულ სახელმწიფოებს ჰქონდათ. ისინი ფულის გაცემით ფულს იბრუნებენ, ჩვენ ვერ ვიბრუნებთ ფულს. ბაიდენმა შეთანხმება დადო, 350 მილიარდი დოლარი გასცა და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან უსამართლო სიტუაცია იყო". - თქვა ტრამპმა. 

ცნობისთვის, 19 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის "უარჩევნებო დიქტატორი" უწოდა.

კომენტარები