მზია ამაღლობელის საქმე

საია: ადვოკატებისთვის უცნობია, რატომ რჩება ამაღლობელი სამედიცინო დაწესებულებაში

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მზია ამაღლობელი კლინიკიდან უკვე გაწერილია, იგი ამ დრომდე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანილი არ არის.

საია წერს, რომ ამ დრომდე ადვოკატებისთვის არ განუმარტავთ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის კლინიკაში დატოვების მიზეზი.

"მზია ამაღლობელი ამ დრომდე არ არის გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში და კვლავ კლინიკაში რჩება. გუშინ ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იგი უნდა გადაეყვანათ პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან ოფიციალურად უკვე გაწერილია კლინიკიდან.

ამ დროისთვის ადვოკატებისთვის უცნობია, რატომ და რის საფუძველზე რჩება მზია ამაღლობელი სამედიცინო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალმა იგი გაწერა.

დაწესებულებაში გადაყვანას კატეგორიულად ითხოვს თავად მზიაც." - წერია განცხადებაში.


მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

კომენტარები