Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა, რომელიც ასევე გამოცემა The Washington Post-ის მფლობელია, გაზეთის სარედაქციო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილება გამოაცხადა და დაწერა, რომ ამიერიდან გამოცემა მოსაზრებების განყოფილებაში "პიროვნული თავისუფლებებისა და თავისუფალი ბაზრის" დაცვასა და ხელშეწყობას დაიწყებს.
"ჩვენ ყოველ დღე ორი სვეტის - პიროვნული თავისუფლებებისა და თავისუფალი ბაზრის - მხარდასაჭერად და დასაცავად წერას დავიწყებთ. ჩვენ სხვა თემებსაც დავფარავთ, ცხადია, მაგრამ შეხედულებებს, რომელიც ამ ორ სვეტს ეწინააღმდეგება, სხვებს დავუტოვებთ გამოსაქვეყნებლად". - დაწერა ბეზოსმა X-ზე.
ამასთანავე ბეზოსის თქმით, განყოფილების რედაქტორი, დევიდ შიპლი, ამ ცვლილების პასუხად გამოცემას ტოვებს.
"მე ამერიკიდან და ამერიკისთვის ვარ, და ვამაყობ, რომ ასეა. ჩვენი ქვეყანა აქამდე ჩვეულებრივად ყოფნით არ მოსულა. და ამერიკის წარმატების დიდი ნაწილი ეკონომიკურ სფეროსა და სხვაგან ყველგან თავისუფლება იყო. თავისუფლება არის ეთიკური - იგი ამცირებს იძულებას - და პრაქტიკული; იგი კრეატიულობას, გამოგონებასა და კეთილდღეობას იწვევს". - წერს ბეზოსი.
გამოქვეყნებულ პოსტში ბეზოსმა თქვა, რომ შიპლის ჰკითხა, სურდა თუ არა გამოცემაში დარჩენა, რაზეც მან უარი განაცხადა: "მე შევთავაზე მას, რომ თუ პასუხი "რა თქმა უნდა, კი" არ იყო, მაშინ პასუხი "არა" უნდა ყოფილიყო". - დაამატა მან.
ამას გარდა, გამოცემის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, უილ ლუისმა თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები "არ ეხებოდა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ მხარდაჭერას".
"დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფალი ბაზარი და პიროვნული თავისუფლებები სწორია ამერიკისთვის. ასევე მჯერა, რომ ეს შეხედულებები არასაკმარისად არის წარმოდგენილი იდეებისა და ახალი ამბების მოსაზრებებში. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ამ სიცარიელეს შევავსებთ". - წერს ბეზოსი.





